აჭარის მთავრობა: ლეოგრანდში თითოეული დაღუპულის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს, ხოლო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ა.რ. მთავრობამ მიიღეს.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი“ – განაცხადა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაშავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com