ახალი ამბები

მოსაყდრე: პატრიარქი დაბრუნების შემდეგ დააკონკრეტებს ჩემს ვალდებულებებს

26 ნოემბერი, 2017 • 1870
მოსაყდრე: პატრიარქი დაბრუნების შემდეგ დააკონკრეტებს ჩემს ვალდებულებებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სამების ეკლესიაში საკვირაო წირვა ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ როდესაც ილია მეორე დაბრუნდება თბილისში, მაშინ დაადგენს, რა მოვალეობების შესრულება დაეკისრება მას.

ილია მეორე ამჟამად ბათუმში იმყოფება. ბათუმის ეპარქიში აცხადებენ, რომ ხვალ, 27 ნოემბერს ეცოდინებათ, როდის დაბრუნდება პატრიარქი თბილისში. ილია მეორე სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრისა და იქ 11 ადამიანის დაღუპვის შემდეგ ჩავიდა.

“ველოდებით მის უწმინდესობას, ის წაბრძანებულია. როგორც კი ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს ამ ვალდებულებებს და მერე მოგახსენებთ. ამიტომ ახლა კომენტარისაგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

მიტროპოლიტის თქმით, არ ელოდა, რომ ილია მეორე მოსაყდრეს დანიშნავდა.

“უწმინდესს სრული უფლება აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ ჩვენ ვართ… ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო მისი ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ილია მეორემ 23 ნოემბერს ქაშუეთის ეკლესიაში, გიორგობის წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოსაყდრედ დანიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი