ახალი ამბები

სასულიერო პირები აშშ-ში, ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობენ

26 ნოემბერი, 2017 • 4577
სასულიერო პირები აშშ-ში, ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობენ

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საქართველოდან აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ, რომლის მთავარი თემები რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდაა.

კონფერენცია 28 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. აშშ-ში ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

CDD-ს ცნობით, დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის კონგრესმენებთან. ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლები.

პროექტს CDD საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერრელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი