ახალი ამბები

ბრძანება, რომლითაც შემოწმებისას უნდა იხელმძღვანელონ, გაუმართავია – ექსპერტი სახანძრო უსაფრთხოებაში

25 ნოემბერი, 2017 • 3548
ბრძანება, რომლითაც შემოწმებისას უნდა იხელმძღვანელონ, გაუმართავია – ექსპერტი სახანძრო უსაფრთხოებაში

ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე. ექსპერტები კი სასტუმროში საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.

“უსაფრთხოების ექსპრეტთა კავკასიის აკადემიის” (CASE) ექსპერტი სახანძრო უსახრთხოებაში ვარაუდობს, რომ სასტუმროს  საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა არ ჰქონდა,  კვამლის დეტექტროები კი ან არ იყო მუშა მდგომარეობაში, ან საერთოდ არ არსებობდა:

“სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ ჰქონდათ საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა იმიტომ, რომ არავინ იცოდა, როგორ ემოქმედათ მსგავს სიტუაციაში. ყველა სართულზე უნდა იყოს 2 შესაბამისი პირი, რომელიც მოახდენს სასაწრაფოდ ევაკუაციას.  ინფორმირებას ხანძრის კერის შესახებ იძლევა კვამლის დეტექტორი. კვამლი გაჩნდება თუ არა, მაშინვე უნდა რეაგირება. შესაბამისად, სავარაუდოდ, კვამლის დეტექტორი არ მუშაობდა. შეიძლება იყო სისტემა, მაგრამ არ იყო მუშა მდგომარეობაში, რომ მიეღო ინფორმაცია შესაბამის პირს, რომელიც უნდა უყურებდეს პანელს, მიმღებს ან დაცვის სამსახურს, რომ ამა და ამ ადგილას ჩაირთო სახანძრო დეტექტორი. საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემა იყო მოშლილი.

სახანძრო კიბეს რაც შეეხება,  იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ შენ არ გაქვს ალტერნატიული საევაკუაციო გასასვლელი. უნდა იყოს ალტერნატიული  საევაკუაციო გასასვლელი, თუმცა, თუ არ არის, ამ შემთხვევაში, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს კიბე” – ამბობს დავით ჩიჯავაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ექსპერტის თქმით, როდესაც სასტუმროსთან გვაქვს საქმე, ტექნიკური აღჭურვის გარდა, ყველაფერი აგებული უნდა იყოს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმაზე. პერსონალს საგანგებო სიტუაციაში მოქმედების შესახებ სწავლება უნდა უტარდებოდეთ:

“სასტუმროს შემთხვევაში ტექნიკური აღჭურვის გარდა ყველაფერი აგებული უნდა იყოს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმაზე. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს და უნდა ჰქონდეს გაწერილი თავისი ფუნქციები ხანძრის დროს. სხვათა შორის, პირადად მე ვისთანაც მიმუშავია, 2 სასტუმროს ნამდვილად აქვს და ატარებენ კიდეც ამ საევაკუაციო სწავლებებს” – ამბობს CASE-ის ექსპერტი სახანძრო უსაფრთხოების საკითხებში.

დავით ჩიჯავაძის თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში არც ისე ბევრი დაწესებულებაა, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესებს იცავს. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, საკანონმდებლო ხარვეზებია:

“მიზეზები არის ის, რომ არცერთ ორგანიზაციას  არ მიაჩნია, რომ უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. ამას არც კანონმდებლობა არ ითხოვს. მეორე არის, რომ ქართულ კანონმდებლობაში მოქმედებს ფაქტობრივად სამი კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ.

ერთია თვითონ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ კანონის ფუნქციას ასრულებს. მეორე კი მთავრობის 41-ე დადგენილება, რომელიც მშენებარე ნაგებობებს ეხება. თუმცა ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტი არის საქართველოს მთავრობის  370-ე დადგენილება, რომელიც 2015 წლის 23 ივლისს მიიღეს. 370-ე დადგენილებაში ყველაფერია აღწერილი, მაგრამ დოკუმენტში, სადაც ფაქტობრივად არ არის მოთხოვნილი, რომ ყველა ორანიზაციას უნდა ჰქონდეს ხანძრის დეტექციის საშუალებები, ეს დოკუმენტი უკვე დეფექტის შემცველია” – ამბობს ესპერტი.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არ აძლევს საშუალებას შსს-ს სახანძრო მონიტორინგის სამსახურს, რომ მოვალეობები ეფექტიანად შეასრულოს:

“რაც არ უნდა შეამოწმონ, ისინი მაინც 370-ე ბრძანების  მიხედვით შეამოწმებენ. ეს დოკუმენტი  კი ჩემი სუბიექტური აზრით, არის გაუმართავი. რა თქმა უნდა, კარგი მოხდა, რომ 2015 წელს შეიცვალა 449-ე ბრძანება, რომელიც იმდენად  მოძველებული იყო, ნავთის ლამპებზე იყო საუბარი, შეიცვალა და ძალიან პროგრესულად შეიცვალა, მაგრამ დიდი ნაწილი კიდევ შესაცვლელია. შსს-ს  სახანძრო მონიტორინგის სამსახური რომ მივიდეს,  მაინც იგივე დოკუმენტით შეამოწმებენ და თვითონ იმ დოკუმენტში არის გარკვეული შეუსაბამობები” – ამბობს ჩიჯავაძე.

CASE-ის ექსპერტის თქმით, დოკუმენტში არ არის კონკრეტული მოთხოვნა, რომ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ხანძრის დეტექციის საშუალებები, რაც უმთავრესია ტრაგედიის პრევენციისთვის:

“როდესაც  კონკრეტული მითითება არ არის, რომ უნდა არსებობდეს ორგანიზაციაში კვამლის დეტექციის საშუალებები, რაც სავალდებულო უნდა იყოს. ესაა მთავარი, რომ  მოხდეს საწყის ეტაპზე ხანძრის დეტექცია. ეს ხდება რითი – სახანძრო დეტექტორებით. თუ ორგანიზაციისთვის მოთხოვნა სახანძრო დეტექტორების არ არსებობს, როგორ უნდა შეამოწმო. თქვენ გგონიათ, ცეცხლმაქრები რამეს შეცვლის? ცეცხლმაქრები არაფერს ცვლის რეალურად . ის არის მხოლოდ იმისთვის, რომ საწყის ეტაპზე მოახდინოს იმ ადამიანმა, რომელსაც კონკრეტული ტრენინგი აქვს გავლილი, მცირე კერის ჩაქრობა. აქ უნდა იყოს ხანძრის დარეგულირების მენეჯმენტი, რასაც ევროკავშირი ითხოვს” – ამბობს ჩიჯავაძე.

ექსპერტის თქმით, კიდევ უფრო ნაკლებ სრულდება უსაფრთხოების რეკომენდაციები საჯარო სექტორში.  ექსპერტის შეფასებით კი, კერძო სექტორს მაგალითი სწორედ საჯარო სექტორმა უნდა მისცეს:

“370-ე ბრძანებაში წერია, რომ ყველა ორგანიზაციამ წელიწადში ორჯერ უნდა განახორციელოს სახანძრო საევაკუაციო სწავლება. რა თქმა უნდა, იქ უბრალოდ გამონაკლისია ძალოვანი სტრუქტურები, რადგან ისინი ამას ისედაც აკეთბენ. ვერც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციას დამისახელებთ, რომელიც ამას აკეთებს და რომელსაც აქვს საევაკუაციო სწავლებები. ამას მონიტორინგის სამსახური სთხოვს მხოლოდ კერძო კომპანიებს. ამ შემთხვევაში კერძო კომპანიები ბევრად უკეთ არიან მობილიზებულები, ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციები, რადგან ის კერძო კომპანია, რომელსაც ჰყავს უცხოელი დამფინანსებელი, ან მუშობს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტით, ისედაც ასრულებს. თუმცა სახელმწიფომ მაგალითი უნდა მისცეს კერძო სექტორს” – ამბობს ექსპერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი