“ქართული ოცნება” სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიას წარადგენს

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას წარადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ქართული ოცნების ოფისში 24 ნოემბერს გაიმართა.

“ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იქნება დასახელებული ქალბატონი ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. აქ გავითვალისწინეთ კიდევ ერთხელ სხვადასხვა ფაქტორი. მათ შორის, ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან. ესეც იყო მნიშვნელოვანი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უმრავლესობამ არჩევანი საბოლოოდ შეაჩერა ნინო ლომჯარიაზე, დანარჩენი არის პროცედურების საქმე. უახლოეს დღეებში მოხდება კანდიდატურის დასახელება. ვვარაუდობთ, რომ მომავალ პლენარულ სხდომებზე მოხდება კანდიდატურის განხილვა და ერთ კვირაში დამტკიცდება სახალხო დამცველი თავის პოსტზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მოქმედ სახახლო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. ამ ვადაში უნდა მოასწროს პარლამენტმა სახალხო დამცველის ახალი კანდაიდტურის დამტკიცება, რათა ვადები არ დაარღვიოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com