ახალი ამბები

ბრიუსელის “კომპრომისული” დეკლარაცია და 20 პოტენციური სარგებელი საქართველოსთვის

24 ნოემბერი, 2017 • 2742
ბრიუსელის “კომპრომისული” დეკლარაცია და 20 პოტენციური სარგებელი საქართველოსთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში პირველად გაიმართა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მათმა მეზობლებმა ერთობლივი, “კომპრომისული დეკლრაცია” მიიღეს, რომლითაც ქართული მხარე უკამყოფილო არ არის.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა უკავშირდებოდა დეკლარაციის ტექსტის იმ ნაწილს, რომელსაც ევროკავშირის სამომავალო ურთიერთობა უნდა შეეფასებიან სამ ასოცირებულ ქვეყანასთან: საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. ამ ქვეყნებმა ევროპული პერსპექტივა ანუ დაპირება ევროკავშირში გაწევრების თაობაზე ამჯერადაც ვერ მიიღეს, თუმცა დეკლარაციაში შენარჩუნდა რიგის 2015 წლის სამიტის პოზიცია მათი ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარების შესახებ.

“ჩვენ დღეს ერთობლივი დეკლარაცია მივიღეთ, რომელიც როგორც ყოველთვის, კომპრომისულია. მე ვისურევბდი, რომ უფრო ამბიციური სიტყვები ყოფილიყო ტექსტში, მაგრამ ყველამ ერთად გადავწყივტეთ, რომ ერთიანობის დემონსტრაცია ყველაზე მნიშნელოვანი იქნებოდა”, – განაცხადა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ნეტგაზეთი უკვე წერდა, რომ არათუ ევროპული პერსპექტივა, არამედ იყო შანსი, რომ დეკლარაციის ტექსტში  ევროპული მისწრაფების აღიარებაც კი მომხდარიყო, რაც გააუარესებდა რიგის სამიტის შედეგებს. რიგაში ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები აღიარა. 

“აღმოსავლეთის პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვეგდა- ასოცირების შეთანხმება, სავაჭრო ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია. ახლა გაცილებით უფრო ამბიციური ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპასა და ხვადასხავა ქვეყნებში, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს”, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე იმისათვის, რომ მზად ვიყოთ, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება. ეს არის ჩვენი ამოცანა”, – ამბობს პრემიერი.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისწრაფების აღიარება. ეს თავისთავად მიღწევაა იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, ძირითადად ევროკავშირის შიდა მდგომაროებიდან გამომდინარე”, – ეს უკვე ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის კომენტარია.

“ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ახალი ელემენტია ამ დოკუმენტის, ცალკე დაიწყება დისკუსიები, განხილვები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ასოცირებულ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ურთიერთობების ან პროექტების ახალ ფაზაში გადავიდეთ”.

ნატალი საბანიძე აქ ხაზს დეკლარაციის მე-10 პუნქტს უსვამს, რომლის მიხედვითაც უკვე დროა, რომ ევროკავშირმა ასოცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დამატებითი დისკუსიების ფანჯრები გახსნას.

აღმოსავლეთის პარტნიორობა არ არის გაფართოების ინსტრუმენტი და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ მას ასეთად არ აღვიქვამთ. ამ პროექტმა ნამდვილად დაგვაახლოვა ევროკავშირთან: მოგვიტანა ასოცირების ხელშეკრულება, გარკვეულწილად უვიზო მიმოსვლა. ახლა გვაქვს ძალიან ინტენსიური ორმხრივი ფორმატი…  პირველ რიგში, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი და ასოცირებასთან დაკავშირებული ორმხრივი ურთიერთობები,  სწორედ აქ შეიძლება შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრი”, – ამბობს საბანაძე.

ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობისათვის იქნება ხელშესახები. ამ კუთხით ბრიუსელის სამიტის დეკლრაციაში მნიშნელოვანი ადგილი უკავია ევროსტრუქტურების მიერ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტს  20 Deliverables for 2020. საუბარია 20 პრიორიტეტზე, რომლებიც ევროკავშირმა აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობებში დასახა და რომლის მიღწევასაც 2020 წლამდე აპირებს.

ზემოხსენებული 20 პრიორიტეტი ასე გამოიყურება:

  • სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეტი ჩართულობა
  • გენდერული თანასწორობის ზრდა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა
  • საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის პოტენციალის ხელშეწყობა
  • ფინანსების ხელმისაწვდომობის და ფინანსური ინფრასტრუქტურის საკითხებში არსებული ხარვეზების გამოსწორება
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე
  • ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია
  • რეგიონის შიდა ვაჭრობის მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის
  • სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება და მედიაპლურალიზმის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა
  • სამართლის უზენაესობა და ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება
  • ძირითადი სასამართლო რეფორმების განხორციელების მხარდაჭერა
  • საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა
  • თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებზე
  • წარმატება ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკებებისა და მობილური თანამშრომლობის სფეროებში
  • ინვესტირების გაუმჯობესება ახალგაზრდების უნარებში, მეწარმეობისა და დასაქმების პოტენციალში
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაარსება (თბილისში)
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის კვლევითი და ინოვაციების სისტემების და პროგრამების ინტეგრაცია.
  • გარემოს დაცვის ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან მდგრადობის გაძლიერება.
  • ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ზრდა; სათბური აირების გაფრქვევის შემცირება
  • ენერგომომარაგების უსაფრთხოების ზრდა
  • ძირითადი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) გაფართოება, ტრანსპორტი

უფრო ვრცლად ამ პრიორიტეტების და გეგმების შესახებ წაიკითხავთ აქ.

ევროკავშირის საელჩოს მიერ მომზადებული დოკუმენტი 2020-ზე

“ამ სამიტის ძირითადი აქცენტი არის ის, რომ რაც შეიძლება კონკრეტული, პრაგმატული და ხელშესახები იყოს, რათა მოსახლეობამ ევროკავშირთან ურთიერთობების შედეგი იგრძნოს. 2020 ამის გამოხატულებაა. ძალიან კარგი იდეებია. ბევრი ხელშესახები პროექტი შეიძლება განხორციელდეს. ეს ყველაფერი მიმართულია ეკონომიკური განვითარებისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესითვუს და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რომლებიც შეგვიძლია ავიღოთ და პრიორიტეტიზაცია გავაკეთოთ”, – ამბობს ნატალი საბანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი