როგორ უნდა განვითარდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ეკონომიკურად – დეკლარაცია

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ასევე, გარდაქმნის პროცესში მხარდაჭერა, არის ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და მდგრადობის ერთობლივი ძალისხმევის მთავარი ბირთვი.

ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც დღეს მიიღეს. დეკლარაციის ტექსტის თანახმად,  ეკონომიკური პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალისხმევის გზით, ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, ასევე- მწვანე, გაციფრულებული და ინოვაციაზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას. ეს ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას და გაზრდის ვაჭრობას ევროკავშირსა თუ პარტნიორ ქვეყნებთან. ასევე გააჩენს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას.

მონაწილეები იზიარებენ ხედვას, რომ უკეთესი და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირები ქმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისთვის და უფრო მჭიდრო კომუნიკაციისთვის ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და მოლდოვასთან ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებას პოზიტიური გავლენა ექნება. სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინასთან იმავე შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს დროს უნდა გაფორმდეს. ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ამავე შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების თაობაზე.

სამიტის მონაწილეები აღნიშნავენ, თუ რა მნიშვნელოვანია ენერგოწყაროების, მიმწოდებლებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია  და ხაზს უსვამენ სოლიდარობისა და ინკლუზიური სულისკვეთების მნიშვნელობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com