ახალი ამბები

რატომ არ მოაწერა საქართველომ ევროპასთან სატრანსპორტო მემორანდუმს ხელი

24 ნოემბერი, 2017 • 2570
რატომ არ მოაწერა საქართველომ ევროპასთან სატრანსპორტო მემორანდუმს ხელი

დღეს საქართველომ ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი მიმდინარეობს, ხელი არ მოაწერა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) მემორანდუმს. როგორც ადგილზე ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, დოკუმნეტს ხელი მოაწერეს სხვა ქვეყნებმა, თუმცა საქართველომ გადაიფიქრა.

“გადაფიქრებული არაფერი არ არის”, – ამბობს ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე, რომელსაც ნეტგაზეთმა სიტუაციის ახსნა სთხოვა. მისი თქმითი, მოლაპარაკება გრძელდება და ევროკავშირთან ტრანსპორტის საკითხში თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, რის თაობაზეც მემორანდუმი უნდა გაფორმებულიყო, ნატალი საბანაძე განმარტავს:

“მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება კვლევითი სამუშაოები, ასე რომ, საწყის ეტაპზე ვართ. საუბარი არის გზების  გაყვანაზე, არის მონახაზი, რუკებია შემოთავაზებული [ევროკავშირის მხრიდან] და შესაძლო გზები. იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო თანხმობა მივცეთ, კიდევ მიმდინარეობს… ჩვენ არ გვითქვმას უარი, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რამდენიმე მომენტია დასაზუსტებელი, ამაში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და შემდეგ ისევ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – ამბობს ნატალი საბანაძე.

მისივე თქმით, პროექტისთვის ევროპისგან დაფინანსება უნდა წამოვიდეს.

“საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ურთიერთდაკავშირებას და უკეთესი გზების განვითარებას უწყობს ხელს, ის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ლაპარკაია [ქვეყნების] დამაკავშირებელ გზებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, შიდა გზებზეც გადის. რეგიონული მასშტაბის პროექტია”, – ამბობს ნატალი საბანაძე და ვერ აკონკრეტებს, თუ რა სახის საკითხები აქვს საქართველოს დასაზუსტებელი.

“უწყებები არიან [ჩართული], ტექნიკური საკითხია. საქართველო მოაწერს ხელს, ოღონდ მაშინ, როდესაც კითხვებზე პასუხს მიიღებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი