ახალი ამბები

ბოტკოველის თქმით, ილია II-ს ჯერ არ დაუსახელებია, რა მიმართულებას უხელმძღვანელებს მისი მოსაყდრე

24 ნოემბერი, 2017 • 1464
ბოტკოველის თქმით, ილია II-ს ჯერ არ დაუსახელებია, რა მიმართულებას უხელმძღვანელებს მისი მოსაყდრე

პატრიარქ ილია მეორის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ილია მეორეს ჯერ არ დაუსახელებია, თუ რა მიმართულებას უხელმძღვანელებს მისი მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო.

“უწმინდესს ვკითხე დილას, ვუთხარი, რომ მედია დაინტერესებულია ამ საკითხით და ვთხოვე, რომ იქნებ ეთქვა რამდენიმე სიტყვა, რა მიმართულებებზე გაამახვილებს ყურადღებას მეუფე შიო, მისი უწმინდესობა რა მიმართულებებზე მუშაობას დაავალებდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ჯერ ნაარდევიაო ამაზე საუბარი, ამ რამდენიმე დღეში ჩამოვყალიბდებითო, წერილობით გავწერთ ამ ყველაფერს და შემდეგ მედიისთვის ამას საცნაურს გავხდითო”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა იმედთან საუბარში.

ბოტკოველმა ასევე განაცხადა, რომ მიტროპოლიტი შიო იქნება პატრიარქოს ერთ-ერთი კანდიდატი, როდესაც ახალი პატრიარქის არჩევის საჭიროება გახდება.

“მე ის ვიცი, რომ მეუფე შიო იქნება ერთ-ერთი კანდიდატურა საკათალიკოსო ტახტზე, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ, რადგან ჩვენს უწმინდესობას კიდევ დიდხანს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.~”, – განაცხადა ბოტკოველმა.

2017 წლის 23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი