ახალი ამბები

სააკაშვილი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას კატეგორიულად ითხოვს

11 ივლისი, 2013 • 981
სააკაშვილი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას კატეგორიულად ითხოვს

“მე ამ ორი დღის წინ შევთავაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, წარმოადგინოს მთავრობამ  ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ის არ ეთანხმება ადამიანის უფლების უხეში დამრღვევის, მთავარი სადისტის, ბედუკაძის შეწყალებას, რომელმაც ეს კადრები გაყიდა და ვინც მიყიდა, მე პირადად ძალიან კარგად ვიცი. და თუ ამას პრემიერ- მინისტრი არ ეთანხმება, მაშინ უნდა წარმოადგინოს ეს კაცი მოსახსნელად და მე, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გავათავისუფლებ ამ კაცს. თორემ ისე გამოვა, რომ იმან შეიწყალა, ამათ დაგმეს და მერე ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა, ვითომ არაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, იმის გამო, რომ მთავარმა პროკურორმა დაარღვია სამართლის უზენაესობის მთავარი პრინციპები, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მთავარი პროკურორი გასათავისუფლებლად. მე ამ შუამდგომლომას დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აღშფოთება -შეშფოთება იყო სრული თვალთმაქცობა, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ წამოეგება,”- განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, 11 ივლისს ბათუმში. 

 

აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა განცხადება გუშინაც გააკეთა, რაზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ  მთავარი პროკურორის თანამდებობიდან დათხოვნის საკითხი არ დგას მთავრობის დღის წესრიგში.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა წამებაში ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამასთან, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ, ასევე, გაუფორმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით ბრალდებულ კიევ 8 პირს, რომლებსაც არაადელვატურად შეუმცირდათ სასჯელები. ამის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა პროკურატურა და მიმართ კბილაშვილს, რომ გამოენახა სამართლებრივი გზა, რათა გადაეხედა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

 

არჩილ კბილაშვილმა 9 ივლისს განაცხადა, რომ 6 ივლისს ის შეხვედა პრემიერს და გააცნო მისი არგუმენტები, რაც არ იქნა გაზიარებული ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამის შემდეგ გამოაქვეყნა პრემიერმა ზემოთ აღნიშნული მიმართვა მთავარი პროკურორისადმი. იგივე არგუმენტები გუშინ არჩილ კბილაშვილმა მედიასაც მიაწოდა და აღნიშნა, რომ სურვილიც რომ ჰქონდეს, სამართლებრივად არა აქვს არანაირი საფუძველი, რომ გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვლადიმერ ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი