ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს სტეფან ფულემ და ბიძინა ივანიშვილმა

11 ივლისი, 2013 • 1163
რაზე ისაუბრეს სტეფან ფულემ და ბიძინა ივანიშვილმა

“ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი აღმოსავლეთ-პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ფარგლებში, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ისტორიული მომენტია. ამიერიდან გადავდივართ უერთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

 

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მისწრაფებაა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს ამ მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, ხვალ ბათუმში იწყება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც შტეფან ფულესთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და ეს ერთი ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებლად:

 

“გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება ისტორიული სამიტი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

“მინდა ვთქვა, რომ ვილნიუსის სამიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, სადაც საქართველოს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა დაადასტუროს თავისი ევროპული გზა და ევროპული არჩევანი. მე მინდა, აგრეთვე, ვთქვა, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოც უნდა ჩატარდეს. საქართველომ უნდა მოახერხოს იმის ჩვენება, რომ არსებობს შესაბამისი პროცესები, ადამიანის უფლებების პატივისცემა და იმის დემონსტრირებაც უნდა მოახდინოს სახელმწიფომ, რომ გრძელდება დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში”, – განაცხადა შტეფან ფულემ.

 

ევროკომისარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება სხვადასხვა რეფორმები:

 

“როგორიც არის, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მიღწეული იქნას კიდევ უფრო მეტი შედეგი, როგორიცაა, მაგალითად, მედიის თავისუფლება და იმისათვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ზეგავლენისაგან გათავისუფლება, მივესალმები საქართველოს მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა და ღონისძიებას, რომელიც სწორედ ამ შედეგებზე არის მიმართული და ეს ასახული არის პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებში, ეს უნდა აისახოს ყველა მათ ნაბიჯსა და საქმიანობაში.

 

მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ უნდა იქნეს დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ ეს იმასაც არ უნდა გულისხმობდეს, რომ ადამიანებს შეექმნათ დაუსჯელობის სინდრომი. მე ვიცი, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ღირებულება, ეს არის ევროპული ღირებულებები მათ შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა გააგრძელებს ამ გზით სვლას.

 

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკაცშირი გააგრძელებს თავის მხარდაჭერას ქვეყნისათვის სხვადასხვა პროექტების და სხვადასხვა საქმიანობის საშუალებით,” – განაცხადა სტეფან ფულემ.

 

იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას, რომელიც მან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გამოაქვეყნა:

 

“მე ძალიან ვაფასებ თქვენს გუშინდელ განცხადებას და დეკლარაციას, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორ ტონს ქმნის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის”, – განაცხადა ფულემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი