ახალი ამბები

ალექსანდრე გეჯაძემ მიქაუტაძის ექსპერტიზის დეტალებზე ისაუბრა

11 ივლისი, 2013 • • 940
ალექსანდრე გეჯაძემ მიქაუტაძის ექსპერტიზის დეტალებზე ისაუბრა

ექსპერტიზა გეჯაძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაკვეთით ჩაატარა. როგორც ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, გარდაცვლილის კისერზე არსებული დაზიანება ჩამოხრჩობის შედეგადაა გამოწვეული. გარდა ამისა, მიქაუტაძის სხეულზე აღმოჩნდა მხოლოდ ერთი დაზიანება, სისხლნაჟღენთი მარცხენა ნესტოსთან. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული დაზიანება მიქაუტაძეს გარდაცვალებამდე აქვს მიღებული საშუალოდ 24 საათის განმავლობაში.

 

როგორც ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, არცერთი მეთოდით არ შეიძლება გამორკვევა, კონკრეტულად რომელ საათზე მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება და შესაძლოა ემთხვეოდეს როგორც მისი პოლიციაში ყოფნის, ისე იქიდან გამოსვლის შემდგომ პერიოდს.

 

ექსპერტიზის მიხედვით, სხვა დაზიანება მიქაუტაძის სხეულზე არ აღენიშნება. მისივე თქმით, შესაძლა გარკვეული ზეწოლის შედეგად შინაგანი ორგანოები დაზიანდეს ისე, რომ ეს სხეულის ზედაპირზე გამოკვეთილად არ აისახოს, თუმცა ამის გარკვევას შინაგანი ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, რომელიც მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა სამართალდამცავი უწყების მოთხოვნით. ექსპერტიზის პასუხი მინიმუმ 20 დღეში უნდა იყოს. გარდა ამისა, ოჯახს სურდა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაეტარებინა,  თუმცა საბოლოოდ მათ აღნიშნულზე უარი განაცხადეს.

 

მამუკა მიქაუტაძეს დღეს, 11 ივლისს დაკრძალავენ.

 

წინასწარი ინფორმაციით, მიქაუტაძემ  თავი მოიკლა რამდენიმე დღის წინ, როცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში გამართული დაკითხვიდან დაბრუნდა. როგორც ოჯახი აცხადებს, მამუკა მიქაუტაძე აიძულეს მეგობრის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, რის გამოც მან გადაწყვიტა თავი მოეკლა. შსს–მ უკვე დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, თუმცა, საქმის კონკრეტული, ახალი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი