ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის გადაყენებისთვის ემზადებიან

11 ივლისი, 2013 • • 1376
თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის გადაყენებისთვის ემზადებიან

ამ დროისთვის “ნაციონალურ მოძრაობას” თბილისის საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, ხოლო საპირისპირო მხარეს შექმნილ რამდენიმე ფრაქციაში – 25 დეპუტატი ერთიანდება.

 

უკვე სახელდებიან საკრებულოს ახალი თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებიც. ერთ-ერთი მათგანია ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე, ყოფილი “ნაციონალი” ირაკლი შიხიაშვილი.

ირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი

“თუ ჩემი კოლეგები ნდობას გამომიცხადებენ, მე ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევი. საერთოდ პასუხისმგებლობას არც გავურბივარ, მაგრამ ერთ რამეს გპირდებით, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ახალი უმრავლესობა ახალ რეალობას შექმნის საკრებულოში, დამერწმუნეთ, რომ ახალი რეალობა ქალაქშიც შეიქმნება”, – ამბობს შიხიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

თბილისის თვითმმართველი ორგანოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, ხოლო თუ საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება, ანუ ეს საკითხი სხდომაზე ჩავარდება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

აღნიშნული დათქმა გარკვეულ რისკებს ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის სწრაფად დაწყების და მისი ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, ახალმა უმრავლესობამ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ამ საკითხის სხდომაზე დაყენება ვეღარ შეძლოს. 

“ნეტგაზეთის” კითხვას, აპირებს თუ არა ახალი უმრავლესობა სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დასმას საკრებულოს იმ სხდომაზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს (ამ საკითხის დასმა კანონის მიხედვით რიგგარეშე სხდომაზე არ შეიძლება) უნდა გაიმართოს, შიხიაშვილი პასუხობს, რომ ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

“წინსწრებით არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან სრულად ეს გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, როდესაც გვექნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს”, – ამბობს იგი.

იმ დეპუტატთა ჩამონათვალში, რომლებიც ფრაქცია “ნაციონალებში” არ წევრიადნებიან, შედის ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე. იგი საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატია. საკრებულოს ხელმძღვანელობის შეცვლის განზრახვის არსებობას ისიც ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს:

“ნაცმოძრაობამ” რომ უმრავლესობა დაკარგა, ეს ფაქტია. ის, რომ მეორე მხარეს ყველა ერთად არის 25 დეპუტატი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ შეცვალოს ახლანდელი ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარისა, არამედ უფრო ქვევით მდგომი თანამდებობები, ესეც ფაქტია. განზრახვის თვალსაზრისით ვამბობ, რომ ასეთი განზრახვა არსებობს. რაც შეეხება კონკრეტიკას, ვინ იქნება და როგორ, ეს ამ წუთისთვის არის ჩამოყალიბების პროცესში თავად “ოცნებაში” და როდესაც ყველაფერი იქნება ჩამოყალიბებული და შემოთავაზებული ყველა დანარჩენისათვის, ვინც “ოცნებაში” არ ვართ, მერე იქნება ჩვენი პოზიციონირება ამასთან დაკავშირებით. ვარაუდებზე და დაშვებებზე კომენტარების გაკეთებისაგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა კაციტაძემ.

ირაკლი შიხიაშვილი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული 25 დეპუტატიდან რომელიმე “ნაციონალების” ფრაქციაში გადავიდეს. მისი თქმით, ყველა ეს ადამიანი ერთსულოვანია იმაში, რომ საკრებულოში ამ პარტიის მმართველობა დაასრულოს. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ ნაციონალები უმრავლესობის დაბრუნებას ვეღარ მოახერხებენ. საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე თვის ბოლო პარასკევს, ანუ 26 ივლისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი