ახალი ამბები

სუს-ი ტერორიზმის მუხლით იძიებს თბილისში 21-22 ნოემბერს მომხდარ ფაქტს

24 ნოემბერი, 2017 • 2388
სუს-ი ტერორიზმის მუხლით იძიებს თბილისში 21-22 ნოემბერს მომხდარ ფაქტს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

“საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით”, – აცხადებს პროკურატურა.

სსკ 323-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ტერორისტულ აქტს, როგორიცაა აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია და რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

სსკ 3231-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას, ჩადენილს ტერორისტული მიზნით. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

სსკ 328-ე მუხლი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

კონტრტერორისტული ოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბერს დასრულდა, თუმცა სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები, რომლებითაც დაიწყო ამ საქმის გამოძიება, დღეს, 24 ნოემბერს, გასაჯაროვდა პროკურატურის მიერ.

დღესვე საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ს.დ-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით.

გამოძიების ცნობით, ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

“სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. 2017 წლის 21 ნოემბერს ქ.თბილისში დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

ს.დ-ს დაკავების შემდგომ, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე – ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა”, – აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი