ახალი ამბები

ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის დღეს თბილისის ანძა ნარინინჯისფრად განათდა

24 ნოემბერი, 2017 • 2199
ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის დღეს თბილისის ანძა ნარინინჯისფრად განათდა

24 ნოემბერს ღამით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეს, თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამ სიმბოლური აქტის ინიციატორი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისია.

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას მეორედ შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას  ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ.

„ამ ჟესტით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. ამავდროულად, კამპანიაში ჩართვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს აქვს. ყველას შეუძლია 25 ნოემბერს  ნარინჯისფერი ტანსაცმელი ან აქსესუარი ატაროს და ამგვარად გამოუცხადოს სოლიდარობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას“, – აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა  და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

„არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: დავასრულოთ ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ“ – ეს არის მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს ყველაზე გარიყულ ჯგუფებზე, მათ შორის ლტოლვილებზე, მიგრანტებზე, უმცირესობებზე და კონფლიქტით თუ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი