ახალი ამბები

ილია II მოსკოვში არ მიდის – განმარტება საპატრიარქოდან

24 ნოემბერი, 2017 • 2454
ილია II მოსკოვში არ მიდის – განმარტება საპატრიარქოდან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის საპატრიარქოს ტიტულის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში არ გაემგზავრება.

დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის მოსკოვში, მის მაგივრად კი მღვდელმთავრების დელეგაცია გაემგზავრება.

“მიწვეული იყო. არ დასმულა საკითხი, რომ პატრიარქი მიდიოდა თვითონ. მიზეზი პატრიარქის ჯანმრთელობაა. მაშინ მან უთხრა, რომ როგორც მომცემს ჯანმრთელობის საშუალება, იმის მიხედვით გადავწყვეტ თქვენთან წამოსვლასო. შემდეგ ექიმების კონსილიუმი იყო, მას მოციმციმე არითმია აქვს და შორ გზებზე ფრენა არ ურჩიეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

1 ნოემბერს საპატრიარქოში სტუმრად იყო რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელმაც ილია მეორე მოსკოვში მიიწვია. ილია მეორემ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობდა, მოსკოვში წავიდოდა.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, საპატრიარქოს დელაგაციაში იქნებიან ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი და მოსკოვის სამრევლოს ხელმძღვანელი მირიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი