ახალი ამბები

რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენეს

11 ივლისი, 2013 • 2588
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენეს

გამოძიების ცნობით, ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრებაში იმხილებიან “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელები- რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე, ივანე ცაგურია – კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი და 33% წილის მფლობელი.

რუსუდან კერვალიშვილი
რუსუდან კერვალიშვილი

გამოძიების ცნობით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88″-ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოზიდულ იქნა 27 701 299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები, შეადგენდა 23 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

გამოძიების ინფორმაციით, მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების  „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებელთა  მიერ წინასწარ შეთანხმებული და სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების გამო შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის  დასრულება:

“ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 მილიონ 65 ათას 159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა – 1 833 806 აშშ დოლარი, ასევე, 185 069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი. ჯამში, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ სხვადასხვა გზით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი”, – აცხადებენ თბილისის პროკურატურაში.

რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს თაღლითობას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (მითვისება წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით).

ხოლო ივანე ცაგურიას – სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს დახმარებას თაღლითობაში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (გაფლანაგვს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

მაია რჩეულიშვილი, ფოტო: tbiliselebi.ge
მაია რჩეულიშვილი, ფოტო: tbiliselebi.ge

გამოძიების მოთხოვნით, დაყადაღებულია “ცენტრ პოინტი ჯგუფის” და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება და ასევე, შპს “ალიანს კაპიტალის” საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება.

თბილისის პროკურატურაში ბრალი უკვე გააცნეს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემა, რაც მენაშენეებს შეექმნა, აღმოიფხვრას:

“ერთადერთი გამიკვირდა, რომ ეს მოხდა იმ განცხადების შემდეგ, რომელიც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და ბატონმა პრემიერმა, რაც ითვალისწინებდა აღნიშნულ პერიოდში, წინასაარჩევნოდ მოცემულ პერიოდში… ეტყობა, წარმოდგენაა იმისა, რომ დანაშული შესაბამისია განსაკუთრებული მდგომარეობისა,” – აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

მისი ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის თქმით, რუსუდან კერვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. მისი თქმით, არ არის აუცილებელი აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა, რადგან მაია რჩეულიშვილი გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი