ახალი ამბები

კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულის პროცესი დახურული იქნება

24 ნოემბერი, 2017 • 1731
კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულის პროცესი დახურული იქნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა ტერორიზმში ბრალდებულ ს.დ-ს სასამართლო პროცესი, რომელიც 13:00 საათზე იყო დაგეგმილი.

სასამართლოს პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პროცესი დახურული იქნება.

ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ ჟურნალისტებს ბრალდებულის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

“არ არის საქართველოს მოქალაქე, არის რუსეთის მოქლაქე,”- განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებია მის წინააღდეგ, ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებები არ არის.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღაიარებს დანაშაულს, დუმილის უფლებას იყენებს… მისივე განცხადებით, არანაირი შეხება არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ეს პიროვნება არის დაკავებული მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მოხდა სპეცოპერაცია. სხვა ვერაფერს გეტყვით,” -განაცხადა მან.

დაკავებულს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა/ტარებისთვის პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება სსკ-ის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით.

21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი