ახალი ამბები

ადრეული ქორწინებები და ჯანმრთელობის რისკები

11 ივლისი, 2013 • 4621
ადრეული ქორწინებები და ჯანმრთელობის რისკები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემით, საქართველოში, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე 7,367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე. არ არსებობს კვლევა, რომელიც სწავლის მიტოვების მიზეზებს დაადგენდა. თუმცა სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ დაკვირვებების საფუძველზე ამის მიზეზი ადრეული ქორწინებებია. 


საქართველოში, 2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემებით, 15-19 წლის ყოველ 1000  გოგონაზე შობადობის მაჩვენებელი 39 -ია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი რიცხვი არის ქვემო ქართლის რეგიონში  – 143. საერთაშორისო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს მონაცემი სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მაღალია. 


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, რომელიც დღეს, 11 ივლისს პრესკონფერენციას – “ადრეული ქორწინების პრევენცია –  გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის” ესწრებოდა ამბობს, რომ მისი, როგორც იურისტის აზრით, ტერმინი “ნაადრევი ქორწინება” უნდა შეიცვალოს.


“ვინაიდან ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის რეგისტრირებული ნებაყოფლობითი კავშირი, რომელში შესვლაც 18 წლიდან ან 16 წლის ასაკიდან მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეუძლიათ. სხვა შემთხვევებში ეს არ შეიძლება ქორწინებად ჩაითვალოს,”- ამბობს ბრეგაძე.


საერთაშორისოდ მიღებული განმარტებების მიხედვით, ტერმინი ადრეული ქორწინება აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.


“ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “იძულებით ქორწინებას”, ან “ბავშვთა ქორწინებას”, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ მისცენ ქორწინებაზე თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დარღვევაცაა (მუხლი 16 (2), სადაც განცხადებულია, რომ “დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას”. 

 

ადრეულ ქორწინებებზე საუბრისას ექიმი-რეპროდუქტოლოგები გვერდს ვერ უვლიან ჯანმრთელობის რისკებზე, კონკრეტულად- რეპროდუქციურ ჯანმრთელობაზე საუბარს.


“განათლება უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობას. ღარიბ, განვითარებად ქვეყნებში მშობიარობასთან და ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოზარდთა სიკვდლობისა. როდესაც მოზარდებში არ არსებობს ინფორმაცია და სქესობრივი განათლება, არ იციან, როგორ მოიქცნენ დაუგეგმავი ორსულობის დროს, როდის მიმართონ ექიმს. ეს თავის მხრივ სხვა პრობლემებს ქმნის.”


მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემაა ინფექციები და მათი მკურნალობა, რომელიც ორსულობის დროს სრულყოფილად არ ტარდება ხოლმე გარკვეული მედიკამენტების უკუჩვენების გამო.


“როგორც წესი, ადრეული ქორწინების დროს გოგონას პარტნიორი ასაკით უფრო დიდია, მეტი სქესობრივი გამოცდლება აქვს და, შესაბამისად, დიდია რისკი ჰქონდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით გოგონას დასნებოვნების. მათი აღმოჩენა უკვე მაშინ ხდება, როდესაც გოგონა ორსულადაა. შესაბამისად, მკურნალობა ხშირად არასრულყოფილია. მერე ხდება სანაყოფე გარსების დაინფიცირება, საშვილოსნოს ანთება, იშვიათად სეფსისი და ა.შ. დაუგეგმავი ორსულობების დროს თავს იჩენს სტრესიც.”-ამბობს ექიმი.


“საზოგადოებისა და მთავრობების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ მოზარდი გოგონების განვითარებას, მათ შორის, ადრეული ქორწინების პრევენციის გზით. განათლებულ და ჯანმრთელ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი, იყოლიონ ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი და სასურველი პროფესია. განათლებული, ჯანმრთელი ქალი თავისი შესაძლებლობებით არის სასიკეთო ცვლილებების მომტანი ძალა ოჯახისათვის, თემისა და მომავალი თაობებისათვის,”- თამარ ხომასურიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. 


2013 წლის 11 ივლისს  გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე : “ადრეული ქორწინების პრევენცია –  გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის”. 

  
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.


“ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში დღემდე გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს არსებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებებისა და ტრადიციების შეცვლის აუცილებლობის  მიმართულებით, რათა თანაბრად იყოს გათვალისწინებული ყველა გოგონას ჭეშმარიტი ინტერესი და ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება აღქმული იქნეს როგორც ძალადობა ქალის მიმართ. საერთაშორისო მიდგომები გვიჩვენებს, რომ გოგონა-ბავშვების ადრეულ ასაკში ქორწინება არ გულისხმობს მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებულ ურთიერთობას, არამედ საკითხი საჯარო ინტერესის მატარებელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმოს სახელმწიფოს მხრიდან”- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი