ახალი ამბები

პარლამენტი ფარული ჩანაწერების ასლების მფლობელების ამნისტიის საკითხს განიხილავს

11 ივლისი, 2013 • • 987
პარლამენტი ფარული ჩანაწერების ასლების მფლობელების ამნისტიის საკითხს განიხილავს

აღნიშნული ინიციატივები ნასამართლეობის მოხსნას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, როგორც ნივთმტკიცების ამოღებას და უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების შემნახველების ამნისტიას ეხება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, შს სამინისტროს მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, თუმცა კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირეს:

 

“ნდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არის ძალიან მინიმალური, რამდენიმე მოტივაციის გამო. პირველი, იმის გამო, რომ დღემდე არ არის შესწავლილი გიორგი ფარესაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედება, მხოლოდ ხვედელიძის მიმართ ვიხილეთ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ კარგად იცით, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მიბრძანდება უკრაინაში. არც ნაცვლიშვილის მიმართ, არც ხუხაშვილის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ არის განხორციელებული. სამინისტროს ნდობას ასევე ზიანს აყენებს ის, რომ დღემდე ინახავს და უფრთხილდება პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას. შესაბამისად, ამ პირობებში მათ მიერ კანონის აღსრულება, რაც არ უნდა კარგი კანონპროექტი იყოს, მიგვაჩნია, რომ სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ამის მიუხედავად, “ერთიანმა ნაციონალურმა მოზრაობამ” მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან მიგვაჩნია, რომ თუკი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა არსებობს, გამკაცრდება მიდგომები, ეს იქნება კონკრეტული სიგნალი ყველასთვის, რომ ადეკვატური დამსჯელობითი ღონისძიებები იქნება განხორციელებული.”

 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ შს სამინისტრო და პროკურატურა შეხმატკბილებულად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს პირადი ცხოვრების მასალების გამოყენება და ადამიანების დაშანტაჟება.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი მოქმედებაა:

 

“პრობლემა არის უსერიოზულესი. საზოგადოება აღმოჩნდა სრულიად დაუცველი წინა ხელისუფლების მიერ სისტემური კონტროლისა და ტოტალური კონტროლის და უკანონო ჩანაწერების გამო. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მათი ურთიერთობები იყო კონტროლის ქვეშ. ამიტომ გვინდა პრობლემა კომპლექსურად დავძლიოთ. ამისთვის ერთ-ერთი ასეთი გზა, რომლითაც ეს საფრთხე იქნება არიდებული, არის ინიციატივა ამნისტიის შესახებ, რომელიც შს მინისტრის პირადი იდეა იყო და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ყველა ის პირი, ვის ხელშიც აღმოჩნდა უკანონო ჩანაწერი, ამ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კანონის მოქმედებიდან ერთი თვის მანძილზე საგამოძიებო ორგანოებში წარადგინონ ეს ჩანაწერი. თუ ისინი გაავრცელებენ ამ ასლებს და ასევე ვინც განახორციელა ეს ჩანაწერი, ამნისტია არ გაათავისუფლებს მათ პასუხისგებსგან. ეს გზა არის ერთ-ერთი საშუალება, დავიცვათ საზოგადოება ასეთი ჩანაწერების გავრცელებისგან, რამდენადაც არსებობს ინფორმაცია, რომ არის ჩანაწერები გატანილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი