ახალი ამბები

პრეზიდენტი: ნათელი პასუხი გაეცა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ არაა საჭირო უშიშროების საბჭო

24 ნოემბერი, 2017 • 1735
პრეზიდენტი: ნათელი პასუხი გაეცა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ არაა საჭირო უშიშროების საბჭო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას.
“პირველ რიგში, მე მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს წირავენ და რისკის ქვეშ ამყოფებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულნი. მადლობა მინდა ვუთხრა იმ საგანგებო დანიშნულების ქვეგანყოფილებას, ყველა ჯგუფს, რომელიც ამ დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ერთი მხრივ, ოპერაციის ჩატარებაზე, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების გარიდებაზე საშიშროების ზონიდან, მათ მშვიდად გამოყვანაზე. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელსაც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებდნენ. სამწუხაროდ, ამ მომენტში არიან ხოლმე დაჭრილები და არიან გარდაცვლილები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სპეოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს არ გავაკეთებს.
“უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაცა კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში… დიდი მადლობა გადავუხადე, ვინც მოქმედებდა, მაგრამ კოორდინირებული მოქმედება… თუ ვინმე ფიქრობს, რომ არაა საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზარდოს, ალბათ, ამ მიამიტურ განწყობებს ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეები. რეალობასთან მიმართებით შეაფასეთ, რა რისკები და გამოწვევები აქვს დღეს საქართველოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაციის მედიაში გაშუქების საკითხს.
“მე მინდა მივესალმო იმ აქტივობას, რაც იყო მედიის მხრიდან. განსაკუთრებით ქარტიის აქტივობას მინდა მივესალმო. ქარტიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია გაშუქებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხდებოდა იმ ოპერაციის მიმდინარეობის დროს. ჩვენი მედიის დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ამავე დროს, ძალიან მნიშვბელოვანი იქნება, თუ იქნება დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ანალოგიური მოვლენების გაშუქება. როგორ დავიცვათ სტანდარტები, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ არც ჩვენი მებრძოლები და არც მოქალაქეები, ამ თვალსაზრისით ქარტიის მიერ დაწყებული მაჯელობა ძალიან კარგი იქნება, თუ გადავა თვითონ მედიაში და თავის სტანდარტებს შექმნის ამ ვითარებაში მუშაობის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი