ახალი ამბები

პრეზიდენტი NGO-ებს: ომბუდსმენის შესარჩევად ნათელი გზავნილი მიეცით “ოცნებას” და საზოგადოებას

24 ნოემბერი, 2017 • 1244
პრეზიდენტი NGO-ებს: ომბუდსმენის შესარჩევად ნათელი გზავნილი მიეცით “ოცნებას” და საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დამცველის ინსიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციონ პოლიტიკურ გარემოს და ომბუდსმენის შერჩევისას მხოლოდ საზოგადოების ინტერესების დაცვაზე იზრუნონ.

“დღეს არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც სახალხო დამცველს ეხება. ჩვენ დღეს ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში. მინდა დავიწყო იმით, რომ დროში და სივრცეში სრულიად პოლიტიკურად დაკარგულ და გაბნეულ კამპანიას, რომელიც წარმოებდა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური კამპანია. სამწუხაროდ, ეს არის გამოხატულობა ასევე სახელმწიფოებრივი კულტურის, რომლითაც ჩვენ ვაფასებთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ჩვენს ქვეყანაში. ამ ფონზე და ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და პოლიტიკური პროცესი.

მე მინდა მივესალმო მმართველი პარტიის პოზიციას, რომ მომავალი სახალხო დამცველის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება გაგონილი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ეს დასაფასებელია, რომ მმართველი პარტია ხედავს, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ინიცირებული სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ასევე მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, ახლა მათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროთ საქართველოში უნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები, ანგარიში არ გავუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განვახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც  მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ საზოგადოებას. ვინ მიგაჩნიათ და როგორ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშთა პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი ტვირთი, რაც თქვენ წინაშე არის. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევის დროს, რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ პოლიტიკური კონიუნქტურით მოცულები და რაც შეიძლება გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და ქართულ საზოგადოებასთან,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2017 წლის დეკემბერში ეწურება. არასამთავრობო ორგანიზაციები ომბუდსმენის ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. თავდაპირველად მათ სამი კანდიდატი დაასახელეს: ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი და ზვიად ქორიძე. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელეს – ნინო ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი