ახალი ამბები

თურქული მედია: თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციისას ჩატაევი მოკლეს

24 ნოემბერი, 2017 • 2532
თურქული მედია: თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციისას ჩატაევი მოკლეს

თურქული გამოცემის, Daily Sabah-ის ცნობით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, სტამბულის დაეშის ქსელის ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი საქართველოში განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

“Habertürk daily-ის ცნობით, ქართულმა პოლიციამ 17-საათიანი კონტრტერორისტული ოპერაცია დაეშის წინააღმდეგ ჩაატარა და ჩეჩნური წარმომავლობის სამი ტერორისტი მოკლა” – წერს Daily Sabah, თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, თუ საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. მოკლულების ვინაობაზე ქართველი სამართალდამცავები არ საუბრობენ.

ახმედ ჩატაევი სტამბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შდეგად 45 ადამიანი დაიღუპა.

Daily Sabah-ის ინფორმაციით, ჩატაევმა, სავარაუდოდ, არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და ცხოვრობდა ბინაში, რომელიც რეგისტრირებული იყო ეროვნებით ჩეჩენი ასლანბეგ ჯაბრაილოვის სახელზე.

აჰმედ ჩატაევი 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (“ლაფანყურის სპეცოპერაციის”) შედეგად დაიჭირეს. სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. 2012 წლის 6 დეკემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეუცვალა 5000-ლარიანი გირაოთი და დარბაზიდან გაათავისუფლა. ჩატაევი, თურქული მედიის ცნობით, 2013 წელს შეუერთდა “დაეშს” (ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს”).

2017 წლის 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს, ხოლო ამავე ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, მისი სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი