ახალი ამბები

უმა თურმანი ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე დუმილს არღვევს

24 ნოემბერი, 2017 • 3216
უმა თურმანი ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე დუმილს არღვევს

მსახიობი უმა თურმანი ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალის თაობაზე დუმილს არღვევს და ამბობს, რომ მასაც განუცდია სექსუალური შევიწროება.

მსახიობმა ვაინშტაინის პროდიუსერობით 7 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ფილში “მოკალი ბილი”. თურმანმა “მოკალი ბილიდან” მთავარი გმირის, ბეატრიქსის ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით:

“მადლიერი ვარ, რომ ვცოცხლობ იმათთვის, ვინც მიყვარს და იმათთვის, ვისაც აქვს გამბედაობა, ხმა აიმაღლოს სხვებისთვის. ადრე ვთქვი, რომ გაბრაზებული ვიყავი და მქონდა მიზეზი. ვამბობ #მეც (#metoo) იმ შემთხვევაში, თუკი არ შეგიძლია ამოიკითხო ჩემს სახეზე. ვგრძნობ, მნიშვნელოვანია არ იჩქარო, იყო სამართლიანი და ზუსტი. ამგვარად… გილოცავთ მადლიერების დღეს ყველას (შენ გარდა, ჰარვი და შენი ბოროტი თანამზრახველების გარდა. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ნელა მიმდინარეობს – შენ არ დაიმსახურე ტყვია)”, – წერს თურმანი.

წერილის ბოლოს თურმანი მიანიშნებს, რომ კიდევ ისაუბრებს დეტალურად და ვაინშტაინს აფრთხილებს, რომ დაელოდოს მოვლენების განვითარებას.


ჰოლივუდის პროდუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მა მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი, მათ შორის – ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა, სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

ამის შემდეგ ათეულობით მსახიობმა ქალმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს მსგავსი გამოცდილება ჰქონიათ ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან პროდიუსერთან. ზოგმა მსახიობმა კი უბრალოდ მხარდაჭერა გამოუცხადა სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს და ღიად დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი, რომლებიც ჰოლივუდში წლებია არსებობს, სადაც კაცები თავიანთ ძალაუფლებას ქალებზე სექსუალური ძალადობისთვის იყენებენ.

სკანდალის დროს თურმანმა მედიასთან საუბრისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გაბრაზებულია და ვერ ისაუბრებდა ასეთ მდგომარეობაში.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია ჰოლივუდში, “მირამაქსის” და “ვაინშტაინ კომპანის” დამაარსებელი. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ CNN-ის ცნობით, ეს იყო “ყველაზე ცნობილი საიდუმლო ჰოლივუდში”, სკანდალის გაცხადების შემდეგ ბობ ვაინშტაინმა თქვა, რომ “რცხვენია, ჰარვი ვაინშტაინის ძმა რომაა”. ვაინშტაინთან განქორწინების შესახებ განაცხადა მისმა ცოლმა ჯორჯიანა ჩეპმანმა. ვაინშტაინი გარიცხეს აკადემიიდან. ცნობილმა გამოცემებმა კი თავისი სტატიები ხმაურიანი სათაურებით გააფორმეს, რომ “თამაში დამთავრებულია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი