ახალი ამბები

რას (არ) უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან

23 ნოემბერი, 2017 • 2631
რას (არ) უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის საბოლოო დეკლარაცია, რომელიც 24 ნოემბერს, შუადღის საათებში გამოქვეყნდება, უდიდესი ალბათობით გაიმეორებს რიგის სამიტის ჩანაწერს შესაბამისი სურვილის მქონე პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, ევროპული მისწრაფებებისა და ევროპულ არჩევანის აღიარების შესახებ.

24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და მოლდოვის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები.

სამიტის მონაწილეები შეაჯამებენ რიგის 2015 წლის სამიტიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო თანამშრომლობის გზებს დასახავენ, რის შედეგადაც ერთობლივ პოლიტიკურ დოკუმენტს, დეკლარაციას მიიღებენ.

თვითონ ის ფაქტი, რომ სამიტი ბრიუსელში იმართება, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გარკვეულ მინიშნებებს შეიცავს – ამბობს ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი. აქამდე ყველა სამიტი ევროკავშირის წევრ რომელიმე აღმოსავლეთ ქვეყანაში ტარდებოდა.

“ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას ევროკავშირის 28 წევრის ძლიერი მხარდაჭერა აქვს. აქამდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მხოლოდ აღმოსავლეთში მდებარე წევრი ქვეყნების ინტერესში შედიოდა, რაც ასე არ არის”, – ამბობს ევროკომისარი ჰანი, რომელმაც დღეს ბრიუსელში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ბრიუსელის სამიტის შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით, ხვალინდელი სამიტისთვის პრიორიტეტული იქნება ევროსტრუქტურების მიერ მომზადებული დოკუმენტი 20 Deliverables for 2020. საუბარია 20 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკავშირმა აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობებში დასახა და რომლის მიღწევასაც 2020 წლამდე აპირებს.

[red_box]ეკონომიკა[/red_box]

იოჰანეს ჰანის განცხადებით, კვლავ პრიორიტეტული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია სხვა რეფორმებთან. ამასთან, ევროკავშირის ხედვით, პრიორიტეტები უფრო კონკრეტული და ხელშესახები უნდა გახდეს.

“ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებული ეკონმიკის გარეშე”, – ამბობს იოჰანეს ჰანი და დასძენს, რომ სამუშაო ადგილების უმრავლესობას მცირე და საშუალო ბიზნესები ქმნიან.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი © დათო ქოქოშვილი

“ამ დრომდე, ჩვენი ფინანსური დამხარებით, [აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში] 10 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 100 000-ზე მეტი სესხი გაიცა მეწარმეებზე, 20 000-მდე ადამიანს ჩავუტარეთ ტრენინგი. 2020 წლისთვის კიდევ უფრო შევამცირებთ ფინანსურ რისკს მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. 100 000 000 ევროს გამოყოფით იმისათვის, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა სესხები ადგილობრივ ვალუტაში მიიღონ. ჩვენ გავცემთ ფულს გარანტიით ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუციებზე იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყონ სესხით”, -ამბობს ჰანი და დასძენს, რომ ეს ფული ბრუნვაში დარჩება, ანუ მისი დაბურნების შემდეგ, ისევ მცირე და საშუალო მეწარმის სესხით უზრუნველყოფისათვის იქნება გამოყენებული.

მისი თქმით, ადგილობრივი ვალუტა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გადახურდავების დროს ფინანსური დანაკარგის რისკი არ ჰქონდეთ.

გარდა ამისა, ჰანის განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინფრასტრუქტურას შექმნის სტარტაპებისთვის.

“ახალი კომპანიისთვის 1-2 წელი ძალიან მნიშვნელაოვანია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ბიზნესის იდეა აქვს…”, – ჰანის თქმით, დამწყებ ბიზნესმენებს მისი გამოყენება არაერთი მიმართლებით შეეძლებათ: ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მარკეტინგი, სოფტვეარი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.

იოჰანეს ჰანის თქმით, კვლავაც იქნება პრიორიტეტული  კარგი მმართველობის წახალისება, ამ პროცესის განუყოფელ ნაწილად კი ევროკავშირი სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას მიიჩნევს.

“გასულ წლებში 600-მდე სამოქალაქო ორგანიზაციას დავეხმარეთ, 2020 წლამდე კი ჩვენ გავაორმგებთ, დაახლოებით 170 000 000 მილიონ ევროს გამოვყოფთ”, – ამბობს ჰანი.

მისი თქმით, პრიორიტეტულ საკითხებად რჩება: გარემო, საგზაო ინფრასტრუქტურა, მობილობა და ა.შ.

ხვალინდელ სამიტზე და მის დეკლარაციაში უდიდესი ალბათობით აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სკოლის გახსნა თბილისში, რომლის ამუშავების შემდეგ ევროკავშირი ამ მოდელის დანარჩენ 5 მეზობელ ქვეყანაში შეტანაზეც იფიქრებს.

[blue_box]პოლიტიკა[/blue_box]

ევროპული პერსპექტივის აღიარება – ეს ნიშნავს ევროკავშირის დაპირებას იმის შესახებ, რომ ოდესმე ქვეყანა გაერთიანების წევრი აუცილებლად გახდება ისე, როგორც ნატოს შემთხვევაში. ბრიუსელის სამიტის წინ არც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და არც ექსპერტულ ნაწილში, ალბათ, ბევრს არ ჰქონია იმის მოლოდინი, რომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას 24 ნოემბერს აღიარებდნენ, თუმცა, ანალიტიკოსების რეკომენდაციით,  თბილისი ყველა ტრიბუნის გამოყენებას უნდა ეცადოს ამ სიტყვების ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებისთვის.

ორმა წყარომ ევროსტრუქტურებიდან დღეს ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ დეკლრაციის საბოლოო ტექსტში არც უკრაინის, არც მოლდოვის და არც საქართველოს კონტექსტში ევროპული პერსპექტივა არ ეწერება, თუმცა განმეორდება რიგის 2015 წლის სამიტის ჩანაწერი შესაბამისი სურვილის მქონე ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპულ არჩევანის აღიარების შესახებ. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ ჩანაწერის შენარჩუნებასაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდა, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ სათუო იყო, ეწერებოდა თუ არა დეკლარაციაში ზემოხსენებული წინადადება. რაც შეეხება მიზეზებს, სახელდება ევროკავშირის შიდა პრობლემები: მიგრაციის საკითხი, ფინანსური კრიზისი, ბრექსიტი და ა.შ.

დღეს ნეტგაზეთმა იოჰანეს ჰანს დაუსვა შეკითხვა დეკლარაციის ტექსტის შესახებ, რაზეც მან თქვა, რომ ამ ტიპის დოკუმენტს სახელმწიფოების მეთაურები ბოლო წუთამდე ათანხმებენ, შესაბამისად, უცნობია ფორმულირებების თაობაზე.

ჰანი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე ფოკუსირებას ურჩევს. მისი თქმით, საშინაო სამუშაოს შესრულების დროს სპეკულირება სამომავლო ნაბიჯებზე და შესაძლებლობებზე სწორი არ არის.

ჰანმა ახსენა გამოწვევები, რომლის წინაშეც, მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირი დგას: მიგრაცია, ბრექსიტი, ფინანსური პრობლემები. ევროკომისრის თქმით, ახლა ის ეტაპია, როდესაც თვითონ ევროკავშირს სჭირდება შიგნით კონსოლიდაცია პრობლემების დასაძლევად.

“ეს აღმოსავლეთ სამეზობლოზეც იქონიებს გავლენას”.

“მოლოდინების მენეჯემენტია საჭირო. თუ იტყვი, რომ ევროკავშირის წევრები გავხდებითო, ეს დაუყოვნებლივ რეალისტური არ არის, მაგრამ ხალხს ამის მოსმენა უნდა, რადგან სჯერა, რომ ეს 2-3 წელიწადში მოხდება. ამის შემდეგ ხელისუფლება იქნება ზეწოლის ქევშ და ეს ჩვენს ინტერესში არაა”, – ამბობს ჰანი.

“ჩვენ არ ვიცით, როდის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა- ადრე, თუ გვიან”, – ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და დასძენს, რომ მისი აზრით, საქართველოსთვის ამ შესაძლებლობების გახსნა არცთუ ისე ადრეა.

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი © ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

მისი თქმით, საქართველო ამ პროცესს მზად უნდა შეხვდეს და როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს, მისი პირველი თავები დემოკრატიისა და თავისუფლებების შესახებ დილით უნდა გახსნას და საღამოს დახუროს. ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, შესაძლოა წინა სამიტთან შედარებით დეკლარაციის ტექსტში ცვლილება განიცადოს ჩანაწერმა კონფლიქტებთან დაკავშირებით. ევროკავშირი აპირებს, რომ ტექსტში პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას დაუჭიროს მხარი, ოღონდ სპეციფიკაციის გარეშე. აქ პრობლემური აზერბაიჯანისა და სომხეთის პოზიციაა, რომლებიც ყარაბაღის თემის ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან, ხელი კი ტექსტს ორივემ უნდა მოაწეროს.


აღმოსავლეთი პარტნიორობა (EaP) არის ინიციატივა, რომელიც ქმნის ჩარჩოს ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი