ახალი ამბები

ადვოკატი: სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

23 ნოემბერი, 2017 • 2212
ადვოკატი: სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შესვლამდე დაუდასტურა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წაუყენონ.

ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ვინაობა არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ [დაცვის ქვეშ მყოფს] “არ სურს, მისი სახელი და გვარი საჯაროდ იყოს გაჟღერებული”. ქარქაშაძის თქმით, დაკავებულს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს და ის კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

22 ნოემბერს დუისის გამგებელმა თამარ მარგოშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა რიზვან გორნაკაშვილი დააკავეს, რომელიც ომალოში ცხოვრობდა. მარგოშვილის ინფორმაციით, გორნაკაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს (დის ქმარს), ასლანბეგ ჯაბრაილოვს და უთხრა, რომ თბილისში, მისი საცხოვრებელი ბინის ქირაობა სურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თვეში 300 აშშ დოლარს გადაიხდიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და დაკავებულია ერთი. სუს-ის ცნობით მოკლულები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. სუსი ასევე არ აკონკრეტებს, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, თავდაპირველად იყო საუბარი მათი მხრიდან ტერორიზმთან კავშირზე, რაც საბოლოოდ არ დაუდასტურებიათ. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 1 სპეცრაზმელი და დაჭრილია 4. ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის პანკისელ თინა გაურგაშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გააქირავა გაურგაშვილის შვილის – ასლანბეგ ჯაბრაილოვის ცოლის ძმამ, რიზვან გორნაკაშვილმა. დუისის რწმუნებულის ცნობით, სწორედ გორნაკაშვილია დაკავებული სუს-ის მიერ, ხოლო ჯაბრაილოვი თავად მივიდა 22 ნოემბერს პოლიციაში და განაცხადა ბინის გაქირავების შესახებ მისთვის ცნობილი ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი