ახალი ამბები

TI–ის რეკომენდაციები პარლამენტს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე

10 ივლისი, 2013 • 920
TI–ის რეკომენდაციები პარლამენტს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წერილში ნათქვამია, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების გამო ორგანიზაციას საშუალება არ მიეცა უფრო აქტიურად ჩართულიყო პროექტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის პროცესში, თუმცა ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის და პარლამენტს საკუთარ მოსაზრებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს აწვდის.

 

ერთ–ერთი პირველი შენიშვნა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერ–მინისტრის მიერ დანიშვნასა და წესდებაში რიგი საკითხების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებას ეხება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად ცენტრალური ხელისუფლების როლი სასწავლებლებთან მიმართებაში იზრდება, რაც ხელისუფლებას მათზე ზეგავლენის ბერკეტს უქმნის.

 

რაც შეეხება პუნქტს, რომლის თანახმადაც ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დაკავებისას დოქტორის ხარისხი ხდება საჭირო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე აღნიშნული ცვლილების განხორციელება ეტაპობრივად უნდა მოხდეს:

 

“ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლება პირდაპირ კავშირშია სწავლების დონესა და პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილებასთან. შესაბამისად, ამ უკანასკნელთათვის სტანდარტის ამაღლებამ, შესაძლოა, მომავალში გარკვეულწილად გაზარდოს სწავლების დონეც. თუმცა მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული რეალობა (მაგალითად, დოქტორის ხარისხის მქონე პირთა რაოდენობა) და მსგავსი ცვლილებების განხორციელება ეტაპობრივად უნდა მოხდეს”

 

წერილში საუბარია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდების დამტკიცებასთან დაკავშირებითაც:

 

“როგორც მოქმედი რედაქციით, ისე წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებას ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე სამინისტრო გასცემს დასკვნას. ამ უკანასკნელთან მიმართებით იცვლება ის, რომ თუკი აქამდე დასკვნისთვის წესდების პროექტის წარდგინებას თავად უმაღლესი სასწავლებლები აკეთებდნენ, ამჯერად ამას შესაბამისი სამინისტროები მოახდენენ. როგორც ვხედავთ, სამინისტროს წესდებასთან მიმართებით გააჩნია ხელშესახები ბერკეტი”

შენიშნვების სრული ვერსიის ნახვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი