ახალი ამბები

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფაზე

10 ივლისი, 2013 • • 1648
ბერძენიშვილი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფაზე

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქმე კანონის მცდარ ინტერპრეტაციასთან გვაქვს:

 

“როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში ხდება რაღაც კანონების მცდარი ინტერპრეტაცია და მერე ამით ძალიან სერიოზული გართობა. ძირითადად, ამ გართობის მიზანია, რომ თქვან – საქართველოს პარლამენტი რაღაც სისულელეებს აკეთებს, იმის მაგივრად, რომ საქმე გააკეთონ. საქართველოს პარლამენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შუაშია, ვერ გეტყვით, კანონპროექტი წარმოადგინა მთავრობამ, ჯერ-ჯერობით პარლამენტს არც განუხილავს და არც მოსაზრება გამოუთქვამს და ტყუილად არიან დარწმუნებული, რომ ტაშის გრიალით შეხვდებიან, თუნდაც ამ პარლამენტში, თუნდაც ასეთ კანონპროექტებს”.

 

მისივე თმით, ძალიან კარგად ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ეს კანონპროექტი არ მოსწონდათ და ახლაც ალბათ იგივე მიზეზის გამო არ მოეწონებათ:

 

“მე რაც არ მომწონს და რაც არ მომწონდა, არის ის, რომ არის ძალიან მყიფე განმარტებები საზოგადოებრივად მიუღებელი საქციელის შესახებ. ვინაიდან ჩამოწერის უნარი არავის აქვს, რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი, მე რა ვიცი ახლა, ვისთვის რა იქნება მიუღებელი. ორმა ბიჭმა ერთმანეთს ხელი რომ ჩასჭიდოს, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება მიუღებელი არის, პოლიციელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ არა ეს, არ ვიცი. ინგლისელები გვეუბნებიან, რა არის, ბიჭები რატომ კოცნიან თქვენთან ერთმანეთს ხშირ-ხშირადო, თქვენო, სულ ყველა იმნაირები ხართო, თუ არაო? სხვები სხვას ამბობენ.”

 

ბერძენიშვილის თქმით, მას ამ კანონის მთავარი მიზანდასახულობა არ მოსწონს, რომ პოლიციამ ზნეობრივი თვალსაზრისით დაგვიცვას:

 

“საერთოდ, ზნეობრივი პოლიციის იდეას, მით უმეტეს, როდესაც პოლიციაში სხვა ტიპის პრობლემები გვაქვს, მე არ მივესალმები. ძალიან მაინტერესებს, “ნაციონალების” პოზიცია როგორი იქნება, მათი მიღებული კანონი არის, სხვათა შორის, რომელიც ახლა მკაცრდება.”

 

დეპუტატი შს სამინისტროს კანონშემოქმედებით გააქტიურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ მოქმედებაში თანმიმდევრულობა არ არის:

 

“რაღაც ტიპის ჯარიმებზე უარს ამბობენ, ამბობენ, რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა განახევრდეს, შეიძლება სიჩქარის გადაჭარბებაზეც შემცირდეს, მაგრამ რაღაც სფეროში მკაცრდება. მაგალითათ, ნასვამ მდგომარეობაში თუ გიპოვეს, მაშინ მართვის მოწმობას საბოლოდ ჩამოგართმევენ და ა.შ. ამიტომ არ არის რაღაცა თანმიმდევრულობა ამ საქმეში. შევისწავლით, განვიხილავთ. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ კანონს, რომელიც თუნდაც არასწორად იძლევა ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას, პირადად მე არ ვგულშემატკივრობ და არ დავუჭერდი მხარს. დანარჩენი ვნახოთ, შემოვიდეს ჯერ. რეალურად მხოლოდ შემოაღწია პარლამენტში, არავის არ გვინახავს, ტექსტი ჯერ ვერ წავიკითხეთ იმიტომ, რომ ჯერ ვერ მოგვცეს.”

 

მისივე თქმით, რაღაცების შეზღუდვა ბუნებრივია, მაგრამ ზედმეტი საჭირო არ არის:

 

“ჩვენ პოლიციის იმედად ნუ დავტოვებთ კანონის ინტერპრეტაციას. მაშინ მე მომხრე ვიქნები, რომ ჩამოიწეროს აბსოლუტურად ყველაფერი და შევთანხმდეთ იმაზე, რა არის ზნეობა. მაგრამ ვინ გააკეთებს ამას? რომელ პოლიციელს, რომელ მინისტრს, რომელ მოქალაქეს, რომელ პარლამენტის წევრს შეუძლია ჩამოაყალიბოს ზნეობა სიტყვებში? მხატვრული ლიტერატურა ამას ვერ ახერხებს უკანასკნელი 40 საუკუნის მანძილზე. პატრულს რა უნდა მოვთხოვოთ ახლა, მას თუ მოეჩვენა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა, ჩვენ რა ვქნათ? ამიტომ  ასეთი ბუნდოვანი კანონების მირება არავითარ შემვევაში არ შეიძლება და ამას სათანადო წინააღმდეგობა გაეწევა.”

 

საუბარია საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის პროექტიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.

 

ცვლილებების პროექტის მიხედვით, კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებრვ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას ითვალისწინებს, ჯარიმის ოდენობა  ამ დანაშაულის პირველადი ჩადენისას  300 ლარით განისაზღვრა, მეორედ და მესამედ ჩადენისთვის კი 500 და 700 ლარი ხდება. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ხდება მოქალაქის გაფრთხილება, ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე მოქმედება ჩადენილი განმეორებით კი, დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი