ახალი ამბები

ჩაფიძე: რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო შეარჩევს

10 ივლისი, 2013 • • 958
ჩაფიძე: რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო შეარჩევს

ელისო ჩაფიძის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ დღეს დარიგებულ კანონპროექტში სადავო მუხლი, რომელიც პრემიერ-მინისტრს უფლებას აძლევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს, შეცვლილია:

 

“კანონპროექტის იმ ვერსიაში, რომელიც დღეს არის დარიგებული განათლების სამინისტროს მიერ, ჩამოყალიბებულია გაცილებით მისაღები ფორმულირება. საქმე ეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად აკადემიური საბჭო წარუდგენს რექტორობის კანდიდატს და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული 6 -თვიანი ვადა, როდესაც შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის დანიშნული რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რას ითვალისწინებს კანონპროექტი, თუ პრემიერ-მინისტრი შეთავაზებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, ჩაფიძე პასუხობს:

 

“თუ არ აწერს, ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა მექანიზმია გათვალისწინებული, სიმართლე რომ გითხრათ, ამის შესახებ კანონი არაფერს ამბობს.”

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი