ჩუგოშვილი: ღირსეული იქნება, თუ პარლამენტი NGO-ების კანდიდატებიდან ერთ-ერთს აირჩევს ომბუდსმენად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტის მხრიდან იქნება ღირსეული გადაწყვეტილება, თუ ომბუდსმენის კანდიდატურაზე მხარს დაუჭერს არასამთავრობოების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს.

დღეს არასამთავრობოებმა საპარლამენტო უმრავლესობას ომბუდსმენის კანდიდატურაზე წარუდგინეს ოთხი კანდიდატი: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე წარუდგინეს.

“კანდიდატები, რომლებიც არასამთავრობოებმა დაასახელეს, არიან საკმაოდ ღირსეული, მათ დამტკიცებული აქვთ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში ერთგულება ადამიანის უფლებების მიმართ. არასამთავრობო სექტორმა მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც 4 კანდიდატზე ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, თუ ამ შემოთავაზებული კანდიდატებიდან დასახელდება სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციური ორგანოა და თანამდებობის პირია, ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო სექტორთან. იმედი მაქვს, რომ ამ ოთხი კანდიდატიდან საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ერთე-რთზე. მე გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავს და არც ვაპირებ ამაზე საუბარს. მთავარია, რომ არასამთავრობო სექტორისთვის მისაღები პირებიდან ერთ-ერთის დასახელება მოხდეს პარლამენტში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, გამორიცხული არაა, რომ უმრავლესობამ ამ კანდიდატურებიდან არცერთი დაასახელოს.

“გამორიცხული არაფერია, უმრავლესობის მისაღებია გადაწყვეტილება და დისკუსიამ შეიძლება სხვა მიმართულებით წაგვიყვანოს”, – ამბობს ჩუგოშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com