ახალი ამბები

“დინამო არენასთან” დაკავებულ ახალგაზრდებს 400–ლარიანი ჯარიმები შეეფარდათ

10 ივლისი, 2013 • • 976
“დინამო არენასთან” დაკავებულ ახალგაზრდებს 400–ლარიანი ჯარიმები შეეფარდათ

 მოსამართლემ ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით განარტებაც გააკეთა. დავით გოგოხიასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ იგი რამდენჯერმე მიიჭრა მანქანასთან, რაც ნამდვილად იყო ადმინისტრაციული სამართალდამრღვევა. რაც შეეხება ლაშა რუხაიას, მოსამართლემ განმარტა, რომ არაერთხელ უყურა სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეომასალას, მათ შორის შენელებულად, და გამოიტანა დასკვნა, რომ ის პროვოკაციულად დაწვა ძირს და მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ამდგარიყო და გასწორებულიყო, ეს არ შეასრულა. 

 

სასამართლო დარბაზში ხმაური გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ.  სხდომას ესწრებოდა ნაციონლაური მოძრაობის წევრი  კობა ხაბაზი:

 

“დუმის დეპუტატებს რომ ექეიფათ კარგად თურმე, ამისთვის ქართველი ბიჭები დაჭერილი უნდა იყვნენ. მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო ნეიტრალური სასამართლოს მიმართ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და სირცხვილი ასეთ სასამართლოს”, – აღნიშნა კობა ხაბაზმა.

 

რუხაია, ჩხვირკია და გოგოხია მოსამართლის გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ:

 

‘როგორც მოსამართლემ თქვა, თურმე მე ვნებივრობდი ასფალტზე, სინმადვილეში მე მირტყეს ზურგში და მე ჩავიტარე ექსპერტიზა, რომ ნამდვილად მქონდა დაზიანება. ექსპერტიზის დასკვნა მალე იქნება. კაპიკის გადახდას არ ვაპირებ და აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში”, – თქვა რუხაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს “დინამო არენაზე”  თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. რომელიც დასრულდა ანგარიშით 1:1. მატჩის პარალელურად სტადიონის გასასვლელთან აქციას მართავდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” წარმოამდგენლები, მათი პროტესტი თამაშზე რუსეთის დუმის წარმომადგენლების ყოფნამ გამოიწვია.  სამართალდამცველებმა სწორედ ამ ორგანიზაციის 3 წარმომადგენელი- ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია დააკავეს. ისინი ამ დროისათვის გათავისუფლებული არიან.

 

გუშინ, 9 ივლისს, 16 საათზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ამ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებად 7 ივლისს “დინამო არენასთან” განვითარებულ პროცესებზე ტელეკომპანია “რუსთავი 2” –ის მიერ გადაღებული კადრები წარმოადგინა. ბრალდების მხარემ ასევე დააყენა შუამდგომლობა და პატრულის თანამშრომლის გიორგი შარაშენიძის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული პიროვნება 8 ივლისის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, თუმცა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოსვლა არ მოუთხოვია.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილ ვიდეომასალაზე დაყრდნობით ლაშა რუხაიასთვის და დავით გოგოხიასთვის 15 დღით, ხოლო ირაკლი ჩხვირკაიასთვის 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი