ახალი ამბები

წულუკიანმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი უმცირესობებს გააცნო

10 ივლისი, 2013 • • 1183
წულუკიანმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი უმცირესობებს გააცნო

კანონპროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ კანონმდებლობაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები გაბნეულია სხვადასხვა  თემატურ ნორმატიულ აქტში, რაც ამცირებს მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ხოლო მეორე მხრივ, ამ ნორმებს არ გააჩნია მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის აუცილებელი სპეციალური სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოკლე ვადაში იქნებოდა შესაძლებელი მოსალოდნელი დისკრიმინაციული აქტის პრევენცია, ან უკვე დამდგარი დისკრიმინაციული ქმედების სრულფასოვანი აღმოფხვრა.

 

ღონისძიებაზე  აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვას დისკრიმინაციისაგან, რასის, კანის ფერის, ენობრივი კუთვნილების, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმომავლობის, საცხოვრებელი  ადგილის, ოჯახური, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის,  პოლიტიკური ან სხვა  შეხედულების,  სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. დაცული იქნება მათი უფლებები შრომითი ურთიერთობის, პროფესიული გადამზადების,  სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების,  კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის კუთხით. დაცულ სფეროებს განეკუთვნება, აგრეთვე, საარჩევნო, მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულების, მომსახურების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სფეროები. პრეზენტაციაზე იმ კონკრეტული ნორმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთაც კანონის პროექტი ითვალისწინებს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

 

კანონის მიღების შემთხვევაში შეიქმნება “თანასწორობის დაცვის” ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

ომბუდსმენისგან განსხვავებით ექნება უფლებამოსილება დისკრიმინაციის გამოვლენის შემთხვევაში დააჯარიმოს კერძო და იურიდიული პირი, ასევე, სახელმწიფო მოხელე. ინსპექტორის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იქნება.

 

10 ივლისს გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა უპასუხა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების შეკითხვებს, რამდენიმე დღის წინ კი მსგავსი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გაიმართა. იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, 22 ივლისამდე წერილობით წარუდგინოს სამინისტროს ნებისმიერი შენიშვნა და მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი