გამრეკელაშვილი: პატრიარქი მოსაყდრეს რუსეთთან შეუთანხმებლად, სამწუხაროდ, არ დაამტკიცებდა

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა. რას ნიშნავს ეს მართლმადედებელი ეკლესიისა და საქართველოსთვის? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთმა” რამდენიმე კითხვა თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს დაუსვა:

ბატონო მირიან, რას ნიშნავს ილია მეორის მიერ  მიტროპოლიტ შიოს ტახტის მოსაყდრედ დანიშვნა?  თქვენი აზრით, სწორედ მას რატომ გამოუცხადა ნდობა პატრიარქმა?

პატრიარქის მოსაყდრე არის ადამიანი, რომელსაც მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქი სიცოცხლეშივე უცხადებს ნდობას და ანდობს მას პასუხისმგებლობას, მართოს ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ, ან ისეთ შემთხვევაში, თუ მოქმედი საჭეთმპყრობელი ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას. მიტროპოლიტი შიო დიდი ხანია სარგებლობს განათლებული და დახვეწილი ადამიანის იმიჯით, არის ე.წ. “კარგი ოჯახის“ შვილი, ჰყავს ცნობილი და ელიტური სამეგობრო წრე, არის მუსიკოსი, ფლობს დოქტორის ხარისხს თეოლოგიაში (ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დაუსწრებელი ფაკულტეტი), არის პატრიარქის მიმართ უაღრესად ლოიალური, იმყოფებოდა მოსკოვში ღვთისმსახურად და ამავე დროს  ფიზიკური აღნაგობითაც გამოირჩევა. ეს ბოლო ორი ფაქტორი კი პატრიარქ ილია მეორისთვის ძალიანაც მნიშვნელოვანია.

სენაკის, ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი დიდი ხანია კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია და, შესაბამისად, არსებული მმართველობის დიდი გამოცდილებაც დააგროვა. აქედან გამომდინარე, პატრიარქ ილია მეორის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა სავარაუდო კანდიდატებიდან მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა და ამის ასე საჩქაროდ გასაჯაროება მაინც  ე.წ. ციანიდის საქმეზე რეაქციად მიმაჩნია. საბოლოო გადაწყევტილების საფუძველი, ალბათ, მიტროპოლიტის შედარებით ნეიტრალური იმიჯი (მიუხედავად მის ხელთ არსებული რესურსისა, ის ღიად არასოდეს ჩამბულა საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე ძალაუფლების მარათონში) და მის მიმართ გარკვეული ძალების მხარდაჭერაა.

დებულების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალების მერე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის არჩევა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტახტის მოსაყდრეს, ამ შემთხვევაში მიტროპოლიტ შიოს,  თავად ექნება შანსი გახდეს პატრიარქი? საერთოდ, თქვენი აზრით, აქვს თუ არა მას შანსი?

მიტროპოლიტ შიოს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, პატრიარქად არჩევის შანსი დიდი ხანია აქვს, თუმცა მისი მოსაყდრედ არჩევამ ეს შანსი გააასმაგა. თავად ის ფაქტი, რომ თუნდაც გარდამავალ პერიოდში მას ეკლესიაში მოქმედი პატრიარქის მიერ კონსოლიდირებული, განუსაზღვრელი ძალაუფლება გადაეცემა უკვე ბევრ რამეს ცვლის. როგორც მინიმუმ, ეს მას ძალიან ანგარიშგასაწევ ფიგურად აქცევს.

უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე გადაჯგუფებებს შიგნით, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტი გახდა მესაყრდე? ხელისუფლებასთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მიტროპოლიტს?

მისი მოსაყდრედ გამორჩევა არის კიდეც უკვე გარკვეული გადაჯგუფების ნიშანი. ეს პროცესი კი განუყოფელია “ცინიდს საქმესა“ და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრედ და მემკვიდრედ სწორედ მის ძმისშვილს, მიტროპოლიტ დიმიტრის ამზადებდა. პატრიარქის ამ ჩანაფიქრმა საპატრიარქოს აპარატის მმართველი ელიტა შეაშფოთა და სწორედ ამის გამო შიდა დაძაბულობამ საჯარო დაპირისპირების სახე მიიღო. ამ პროცესში კი სახელმწიფო აშკარად წარმოადგენდა მხარესა და ერთ-ერთ მთავარ აქტორს. სწორედ მიტროპოილიტი შიო იყო იმ სინოდის სხდომების მდივანი, რომლებიც ციანიდის საქმის გარშემო შედგა საპატრიარქოში. სავარაუდოდ, მიტროპოლიტ შიოს უკვე აქვს ქალბატონი შორენა თეთრუაშვილისა და სხვა კოლეგა ქორეპისკოპოსების მხარდაჭერა, ის მათი ფორმალური ლიდერია მოცემულ მომენტში. საინტერესოა, ვის აირჩევს მეორე ფრთა მის საპირწონედ.

შეუძლებელია, ეს გადაწყვეტილება პატრიარქს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მიეღო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიტროპოლიტი მოქმედი პრეზიდენტისა და ბატონი ლევან ვასაძის ახლო მეგობარია.

მიტროპოლიტს რუსეთში აქვს განათლება მიღებული. ნიშნავს თუ არა ეს რაიმეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორიენტაციასთან დაკავშირებით?

ქორეპისკოპოს შიოს არა მარტო განათლება აქვს რუსეთში მიღებული, არამედ იგი 2001 წლიდან მსახურობდა მოსკოვში, იყო რა ქართველთა სათვისტომოს წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი. თუ რა ტიპის ფორმაციას გადიოდა მისი პიროვნება ამ პერიოდში და რომელ წრეებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, სამწუხაროდ, არ ვიცით. თუმცა შეუძლებელია, რუსული გამოცდილება უკვალოდ გაქრეს მის მიერ წარმოებულ საეკლესიო პოლიტიკაში, თუ იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. მეორე მხრივ, ამ პოზიციაზე მის კანდიდატურას მოქმედი პატრიარქი რუსეთთან შეუთანხმებლად, სამწუხაროდ, არ დაამტკიცებდა, რამეთუ პატრიარქის სურვილია, მისი მემკვიდრეც “რუსეთის მეგობარი“ იყოს და ამ ქვეყნის მხარდაჭერით სარგებლობდეს.

იცით თუ არა მასზე რაიმე ისეთი, რაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის და უნდა იცოდეს, როგორც ტახტის მოსაყდრეზე?

მე მაქვს ჩემი ინტუიცია, რომელიც არცთუ ისე დადებითია. მიტროპილიტ შიოს ერთ-ერთი თვისება სწორედ ისაა, რომ იგი ამ დრომდე საკმაოდ პასიურ და ჩაკეტილ ცხოვრების წესს ეწეოდა, შესაბამისად, მასზე დადასტურებულად ცოტა რამ ვიცით და  მთავარი მოულოდნელობები ალბათ წინ გველის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი