ბერძენიშვილი: “დინამო არენასთან” დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ 7 ივლისს თბილისის “დინამოსა” და  მოსკოვის “დინამოს” ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დროს ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია და აქციის მონაწილეების დაპატიმრება სწორი არ არის.

ლევან ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება:

“იმედი მაქვს, გათავისუფლებული იქნებიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ ქვეყნის წამომადგენლების ჩამოსვლას, რომელსაც საქართველოს 20 % აქვს ოკუპირებული. რა იყო აქ გასაკვირი, არ მესმის კარგად და დასაპატიმრებელი ვინ არის ამ შემთხვევაში: მომწვევი მხარე, ის, ვინც ტაშს უკრავს, თუ აძლევს საშუალებას ოკუპანტებს ახლა საქართველოში ზეიმი გამართონ? მართალი გითხრათ, მე ახალგაზრდების მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან,”- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

დეპუტატი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ მსგავს ტიპის აქციები სამშობლოსთვის გამართონ და არა “ნაციონალური მოძრაობისთვის.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს “დინამო არენასთან” დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამართული აქციის მსვლელობისას დააკავეს, 2013 წლის 9 ივლისს გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე გადაწყვეტილებას დღეს, 10 ივლისს, 17 საათზე გამოაცხადებს. 

ადმინისტრაციული წესით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამი პირი – დავით გოგოხია, ლაშა რუხაია და ირაკლი ჩხვირკაიაა ბრალდებული. 8 ივლისს სასამართლო პროცესი იმის გამო გადადიდო, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გივი ავალიანი