ეს არის ჭორი და ცილისწამება – მიტროპოლიტი შიო რუსეთის ხელისუფლებასთან მის კავშირზე

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც დღეს ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ დაასახელა, უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალებითა და სოციალურ ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ხელისუფლებასთან ჰქონდეს კავშირი.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან და სასულიერო პორებთან კავშირი, მიტროპოლიტი შიო პასუხობს: “ეს იყო ჭორი და ცილისწამება”. პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოსკოვში ნამდვილად დაიცვა დისერტაცია.

მიტროპოლიტი შიო აცხადებს, რომ სრულიად მოულოდნელი იყო პატრიარქის მიერ მისი ტახტის მოსაყდრედ დასახელება, თუმცა, ამავდროულად, დიდი სიხარულიც. მისი თქმით, ამ მსახურებისთვის თავი უღირსად მიაჩნია.

“ახლა ძალიან ვღელავ, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი პატივი მარგუნა წილად. მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის და შეწევნის, წმინდა გიორგის შეწევნის მფარველობის და მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის,” – განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიომ.

მიტროპოლიტი ვერ იხსენენებს მსგავს ფაქტს, როდესაც პატრიარქი მის სიცოცხლეშივე ნიშნავდეს ტახტის მოსაყდრეს და აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რა იქნება ახალი წოდების ქვეშ მისი ვალდებულებები.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: სინოდი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეგობარია.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო, ამავდროულად, არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი. პატრიარქს სულ სამი ქორეპისკოპოსი ჰყავს- შიო მუჯირის გარდა, ამ პოზიციას იკავებენ თეოდორე ჭუაძე და იაკობ იაკობიშვილი. საპატრიარქოს სახელით ბრძანებებზე ხელმოწერის უფლება აქვთ სწორედ ქორეპისკოპოსებსა და პატრიარქის მდივანს.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 49 წლისაა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

იგი ბერად აღკვეცა 1993 წელს, დიაკვნად ეკურთხა 1995 წელს, მღვდლად – 1996 წელს.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.

2003 წელს შიო გახდა ეპისკოპოსი, 2009 წელს – მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი – 2010 წელს.

მიტროპოლიტი შიო 2013 წელს გახდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელშიც ასევე შედიოდნენ ბიზნესმენები – ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამაუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე და “პალიტრა მედიის”ერთ-ერთი დამფუძნებელი და “კვირის პალიტრის” მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი.

2013 წელს, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, იგი ლევან ვასაძესთან ერთად ჩავიდა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიაში, რომელიც 2010 წელს მიტროპოლიტმა შიომ დააფუძნა.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

მიტროპოლიტი შიო იყო 2017 წლის 9 მარტის სინოდის სხდომის მდივანი, სადაც განიხილეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი, მას შემდეგ, რაც ის ღიად დაუპირისპირდა პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს და იგი გადააყენეს საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.