ახალი ამბები

წულუკიანი: კბილაშვილის დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

10 ივლისი, 2013 • 947
წულუკიანი: კბილაშვილის დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

9 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ პოსტზე პირის დათხოვნა და დანიშვნა, კანონმდებლობის შესაბამისად, ხდება იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ. გუშინვე, 9 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, პრემიერის დავალებით, დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მე დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ეს არ არის საბავშვო ბაღი და თამაშები, წარმოადგინონ და დავაკმაყოფილებ, ოღონდ იმედია, ბატონი კბილაშვილი, ასევე, მოყვება და იგივე ბედუკაძე, რამდენად გაიყიდა, როგორ გაიყიდა, ვის მისცეს და რატომ იყო ეს დანაშაულები ამდენ ხანს დაფარული და რატომ არიან მისი შემსრულებლები ასე წახალისებული”.

 

თეა წულუკიანი პრეზიდენტის საპასუხოდ აცხადებს: “ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.”

 

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კითხვები აქვთ არჩილ კბილაშვილთან, რის გამოც ის შესაძლოა პარლამენტში დაიბარონ. ამასთან, საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიკვლევს წამების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილ პრობლემებს.

 

“მე არ გამოვდგები იმ ადამიანად, ვინც პარლამენტარების ამ ინიციატივას გააკრიტიკებს. მე ვიცი, რომ მთავარ პროკურორს აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და კიდევ უფრო განავრცობს ამ პასუხებს, თუკი პარლამენტარები მოინდომებენ მას მოუსმინონ კომისიის ფარგლებში თუ ჩვეულებრივ რეჟიმში”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა წამებაში ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამასთან, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ, ასევე, გაუფორმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით ბრალდებულ კიევ 8 პირს, რომლებსაც არაადელვატურად შეუმცირდათ სასჯელები. ამის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა პროკურატურა და მიმართ კბილაშვილს, რომ გამოენახა სამართლებრივი გზა, რათა გადაეხედა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

 

არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შაბათს, 6 ივლისს ის შეხვედა პრემიერს და გააცნო მისი არგუმენტები, რაც არ იქნა გაზიარებული ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამის შემდეგ გამოაქვეყნა პრემიერმა ზემოთ აღნიშნული მიმართვა მთავარი პროკურორისადმი. იგივე არგუმენტები გუშინ არჩილ კბილაშვილმა მედიასაც მიაწოდა და აღნიშნა, რომ სურვილიც რომ ჰქონდეს, სამართლებრივად არა აქვს არანაირი საფუძველი, რომ გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვლადიმერ ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი