ახალი ამბები

თბილისის კონტრტერორისტული ოპერაცია საერთაშორისო მედიაში

23 ნოემბერი, 2017 • 3479
თბილისის კონტრტერორისტული ოპერაცია საერთაშორისო მედიაში

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას მსოფლიოს წამყვანი მედიაგამოცემები აშუქებენ. საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს როგორც დასავლური, ისე რუსული მედია.

“სროლის ხმამ და აფეთქებებმა შეარყია მრავალბინიანი კორპუსი ისნის რაიონში, 20-საათიანი სპეცოპერაციისას, რომელიც ოფიციალური პირების ცნობით, დასრულდა”, – ასე იწყება BBC-ის რედაქციის მიერ მომზადებული სტატია, რომელიც მკითხველს თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ უამბობს. სტატია ძირითადად ეყრდნობა საქართველოს ოფიციალურ უწყებებს. შესაძლო ტერორიზმზე საუბრისას, დასკვნის სახით კი აღნიშნავს: “საქართველო, უმეტესწილად ქრისტიანული ქვეყანა, ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტების მომსწრე ბოლო წლებში არასდროს გამხდარა. თუმცა დადასტურებულია, რომ ქვეყნიდან დაახლოებით 50 ადამიანია წასული “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საბრძოლველადა”.

თბილისში ჩატარებულ ოპერაციაზე ყვება ბრიტანული გამოცემა “Reuters”-იც, რომლის კორესპონდენტებიც ვითარებას ადგილზე აკვირდებოდნენ.

“ოპერაცია სამშაბათს საღამოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დღის განმავლობაში ადგილზე სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა, მოსახლეობა კი ევაკუირებული იყო”, – წერს გამოცემა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქვეყნის საგამოძიებო უწყება სხვა ქვეყნების კონტრტერორისტულ ორგანოებთან ერთად მუშაობს.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე შედარებით ვრცლად წერს “Al Jazeera”-ს ინგლისურენოვანი გამოცემაც, რომელიც მკითხველს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებაც უყვება. ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა რურუასთან ჩაწერილი სატელეფონო ინტერვიუს ფრაგმენტებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, საიდან აღმოჩნდა ეჭვმიტანილების ხელში ამ რაოდენობის იარაღი; ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ოპერაციისთვის 22-საათიანი ხანგრძლივობა გადაჭარბებულია.

“საქართველოს მთავრობას ოთხშაბათს ჰქონდა სხდომა, თუმცა არანაირი საჯარო განცხადება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე არ გაკეთებულა”, – აღნიშნავს “Al Jazeera”.

“ქართველი ოფიციალური პირების ცნობით, დაახლოებით 50 ქართველი იბრძვის “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში. ისინი ეთნიკურად ჩეჩენ, მუსლიმურ უმცირესობას წარმოამდგენენ საქართველოს ერთ-ერთი ხეობიდან, რომელმაც ჯიჰადისტების კერის რეპუტაცია შეიძინა”, – წერს “The Guardian” “France Press”-ზე დაყრდნობით, თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების აღწერისას.

გამოცემა რუსეთის ფაქტორზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თბილისს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსული სპეცსამსახურები ტერორისტული აქტების განხორციელებაში პოლიციისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებაში აშშ-ის საელჩოსთან.

თბილისის კონტრტერორისტულ ოპერაციას რუსული გამოცემები, “РИА Новости” და “Sputnik” მოვლენათა განვითარების პარალელურად აშუქებდნენ. “Sputnik”-ის სტატიებში არაერთგზის მოიხსენიებენ  ლოპოტის ხეობაში 2012 წელს დაკავებულ და 2015 წელს გათავისუფლებულ აჰმედ ჩატაევს, როგორც დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებული პირს. ამავე კონტექსტში, გამოცემა აიუფ ბორჩაშვილსაც ახსენებს, რომელიც ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს.

“წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო ტერორისტები, რომელთა გასანეიტრალებლადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, კარგად ცნობილ ჩეჩენ ტერორისტთან, აჰმედ ჩატაევთან არიან დაკავშირებულნი. ჩატაევს პირობა აქვს დადებული, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს მოაწყობდა, თუკი აიუფ ბორჩაშვილს არ გაათავისუფლებდნენ”, – ვკითხულობთ მასალაში.

ვერსიებზე ნაკლებად საუბრობს “РИА”, რომლის სტატიებიც ძირითადად ეყრდნობა ქართულ ოფიციალურ წყაროებს.

შეგახსენებთ, რომ ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და დაკავებულია ერთი. სუს-ის ცნობით მოკლულები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. სუსი ასევე არ აკონკრეტებს, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, თავდაპირველად იყო საუბარი მათი მხრიდან ტერორიზმთან კავშირზე, რაც საბოლოოდ არ დაუდასტურებიათ. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 1 სპეცრაზმელი და დაჭრილია 4. ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის პანკისელ თინა გაურგაშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გააქირავა გაურგაშვილის შვილის – ასლანბეგ ჯაბრაილოვის ცოლის ძმამ, რიზვან გორნაკაშვილმა. დუისის რწმუნებულის ცნობით, სწორედ გორნაკაშვილია დაკავებული სუს-ის მიერ, ხოლო ჯაბრაილოვი თავად მივიდა 22 ნოემბერს პოლიციაში და განაცხადა ბინის გაქირავების შესახებ მისთვის ცნობილი ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი