ვინ არის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის ახალ უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა, რომელიც 13 წელია მუშაობს ძალოვან უწყებაში.

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საპატრულო პოლიცია შსს-ს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფია, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ წარდგენისას განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას. როგორც საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი აცხადებს, მისი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება – იზრუნოს საქართველოს მოქალაქეებზე, მოიპოვოს მათი ნდობა და პატივისცემა.

ამავე დროს, თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ გვერდით დაუდგება თითოეულ პოლიციელს, როდესაც საქმე შეეხება სამართალდამცველის ღირსებას – “მზად ვარ, დავიცვა მათი უფლებები”.

  • 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძეს შსს-საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
  • 2012 წელს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა, ხოლო მანამდე საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა იმერეთში.
  • 2011 წელს, როდესაც თეიმურაზ კუპატაძე მთავარი პოლიციელი იყო იმერეთში, შემოსავლების სახით ერთ წელში 43 ათასი ლარი აქვს მიღებული.
  • 2011 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თეიმურაზ კუპატაძეს არ ჰქონდა მითითებული, რომ ბინას ფლობდა ქუთაისში. კუპატაძე ორი ბინის მესაკუთრე იყო თბილისშიც.
  • თეიმურაზ კუპატაძის სახელი უკავშირდება 2010 წლის საერთაშორისო სკანდალს, როცა საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთიდან უკანონოდ შემოტანილი 18 გრამი გამდიდრებული ურანის ამოღებაზე გაავრცელა ინფორმაცია. სწორედ ამ ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი.
  • 2012 წლის შემდეგ, შსს-ს ვებგვერდზე თეიმურაზ კუპატაძესთან დაკავშირებით ძირითადად იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მონაწილეობას იღებს საპატრულო პოლიციის სხვადასხვა კამპანიებსა და შეხვედრებში.

თეიმურაზ კუპატაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.