ახალი ამბები

გამგებელი: კორპუსი ისედაც ავარიული იყო და აფეთქებების შედეგად უფრო დაზიანდა

23 ნოემბერი, 2017 • 3085
გამგებელი: კორპუსი ისედაც ავარიული იყო და აფეთქებების შედეგად უფრო დაზიანდა

ისნის გამგებლის, კახა ლაბუჩძის განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 46-ე კორპუსი, სადაც თითქმის 22-საათიანი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ავარიულია. მისი თქმით, აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ერთი სადარბაზოს სამი სართული და მეორე სადარბაზოს ერთი ბინა. როგორც გამგებელი ამბობს, თუ საჭირო გახდება, კორპუსის ყველა მაცხოვრებელს უქირავებენ ბინას.

“ჯერ სრულფასოვნად ვერ გავეცანით ვითარებას იმიტომ, რომ კრიმინალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ. ადგილზე მოსულები არიან თბილისის ლაბორატორიის ექსპერტები. სიტუაციას ართულებს ის, რომ კორპუსს ისედაც ჰქონდა ავარიული სტატუსი და რამდენიმე აფეთქების შედეგად უფრო დაზიანდა… ვერ შევასახლებთ ჯერ ხალხს, სანამ არ ჩაუტარდება სრულფასოვანი ექსპერტიზა. როგორც კი გავლენ კრიმინალისტები და დასუფთავდება შენობა, შემდეგ მოხდება მისი სრული ანალიზი. ასე რომ, ალბათ, ამას დასჭირდება დღევანდელი დღეც. გვეგონა, რომ გვექნებოდა საშუალება დღეს [კორპუსში] შესვლის ექსპერტებთან ერთად, მაგრამ, ალბათ, ეს უფრო თვის ბოლოსკენ მოხდება…” – ამბობს გამგებელი.

კახა ლაბუჩიძის თქმით, ისნის გამგეობას მიმართა ყველა დაზარალებულმა, რომლებსაც უკვე სასტუმროებში გადაიყვანენ, თუ ამის სურვილი ენქნებათ, ხოლო შემდეგ ბინებს უქირავებენ, სანამ 46-ე კორპუსი სრულად არ გარემონტდება:

“ჩვენ დღეს მხოლოდ სადარბაზო დავათვალიერეთ. ხედავთ, რომ მეოთხე სართულის ზემოთ პრობლემა არ არის ხალხის დაბრუნების. უბრალოდ, უნდა დაგვრთონ ამის ნებართვა კრიმინალისტებმა, ასევე, ტექნიკურმა ექსპერტებმა. გვერდით სადარბაზოში გუშინვე დაბრუნდა ხალხი. მომართვა გვაქვს ყველა იმ ოჯახიდან (დაახლოებით 8 ოჯახია), რომელთა ბინებშიც ხანძარი იყო. გუშინ 3 ოჯახი მივიღეთ. დღეს ყველა ხაზზეა გამოსული; თუ მათ ექნებათ სურვილი, უკვე გადავიყვანოთ სასტუმროში და იქ იქნებიან რამდენიმე დღე, ალბათ. შემდეგ ყველას ვუქირავებთ ბინას, სანამ არ დასრულდება მათი ბინების რემონტი. ამ კორპუსში დაახლოებით 25-26 ოჯახი ცხოვრობს.”

გამგებლის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით, სავარაუდოდ, სხვა სადარბაზოების მაცხოვრებლებს არ დასჭირდებათ ქირით გადასვლა, თუმცა ესეც სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. მისი თქმით, ჯერ ძალიან ადრეა ზარალის ოდენობაზე საუბარი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძეს თქმით,  საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს ყველა დაზარალებულს. მოქალაქეებს, ვისაც დროებით საცხოვრებელი სჭირდებათ, შეუძლიათ დარეკონ ისნის გამგეობის ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 37 50 29; 599 53 70 40. დაზარალებულებს ასევე შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია , რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. თუმცა, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, ამ დრომდე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ განუცხადებია. ძალოვან უწყებებს არც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლის შესახებ განუცხადებია, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი