ახალი ამბები

ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

23 ნოემბერი, 2017 • 9517
ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა.

ამის ამსახველი ბრძანების ტექსტი ილია მეორემ თავად წაიკითხა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მართლმადიდებლები გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ილია მეორეს აქამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე არ ჰყავდა დანიშნული.

მიტროპოლიტი შიო , ფოტო: საპატრიარქო

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსიცაა, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას  ხელმძღვანელობს. 

ის ბერად 1993 წელს აღიკვეცა, 2010 წელს კი მიტროპოლიტის ტიტული მიიღო.

წაიკითხეთ: რა ვიცით პატრიარქის ტახტის მოსაყდრის შესახებ – მიტროპოლიტი შიო

 

ფოტოზე: გიორგი მარგველაშვილი[ამჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტი], ლევან ვასაძე, გიორგი ჭიჭინაძე, ელიზბარ მუჯირი (ქუდით, ამჟამად მიტროპოლიტი, პატრიარქის ტახტის მესაყდრე), ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე. ფოტო არქივიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი