ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ

10 ივლისი, 2013 • 1115
ნინო ბურჯანაძე: “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ

„ვერ გაუმკლავდება „ქართული ოცნება“ მარტო იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშეა. არაფერი არ შეიცვლება იმით, მარგველაშვილი იჯდება განათლების მინისტრის სავარძელში თუ პრეზიდენტის სავარძელში. ამით ძალა, გამოცდილება და ენერგია „ქართულ ოცნებას“ არ შეემატება. თქვენი გვერდით დგომით, ჩვენი გვერდით დგომით ნამდვილად შეიძლება „ქართული ოცნების“ და ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი და ბურჯანაძე პრეზიდენტი ქვეყნისათვის იქნება ძალიან სერიოზული გარღვევა, ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან სხვები, მით უკეთესი,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

 

დღესვე მან საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არასწორად მიმდინარეობს:

 

„მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში არის უკმაყოფილო პროცესების ისეთი მიმდინარეობით, როგორც ეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ  ყველას იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ არჩევნებიდან ცხრა თვის შემდეგ კიდევ “ნაციონალური მოძრაობა” გვიქნევდეს თითებს და გვასწავლიდეს ჭკუას. მორალს გვიკითხავდნენ ის ადამიანები, რომელთაც მორალთან არანაირი შეხება და არავითარი ფასეულობები არა აქვთ. ჩვენთვის მიუღებელია ის, როდესაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამდენი ხნის განმავლობაში ჰაერშია გამოკიდებული. მე ძალიან გაოცებული დავრჩი გუშინ, მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა არჩილ კბილაშვილის მიმართ, ძალიან გაოცებული დავრჩი იმ განცხადებით, რომელიც მან გააკეთა. რომ ახლა ყველას ქონებას ვერ დავუბრუნებთ, ყველას რომ ქონება დავუბრუნოთ, ამას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფაო. ეს რა განცხადებაა? რა შუაშია ბიუჯეტი? უნდა დააბრუნონ წართმეული ქონება იმათ, ვინც უკანონოდ მიითვისა და ვინც ეს ადამიანები გაამწარა.   სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს იმას, რომ ყველა კონკრეტული პრეტენზია იყოს გამოძიებული, ყველა კონკრეტული პრეტენზია სამართლიანი გამოძიებით მივიდეს ბოლომდე და ვინც უკანონოდ დაისაკუთრა ის ქონება, ახლებმა კი არ გადაინაწილონ ის წილი, ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკია დღეს,  არამედ დაუბრუნდეს თავის მეპატრონეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძემ დღეს მოქმედი ხელისუფლება სხვა მხრივაც გააკრიტიკა. მისი თქმით, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელსაც ახალი მთავრობა ვერ ერევა. მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური. ბურჯანაძე საგარეო პოლიტიკასაც შეეხო:

 

„ქვეყანაში უბრალოდ  არ არსებობს საგარეო პოლიტიკა. ძახილი იმის, რომ ნატოში შევალთ და ევროკავშირში შევალთო, ჩვენ ბავშვები არ ვართ და აღარ გვატყუებს. კარგა ხანი გავიდა უკვე. რეალურად საგარეო პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც  გვითხრა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არის ჩემი პრიორიტეტი, ისიც ვერ მოახერხა რუსეთთან, რომ საზღვარი არ  გადმოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. როცა მე მეუბნებიან, პანიკაში ნუ ჩავარდებიო, მე პირდაპირ გეტყვით, მეგობრებო, ვერ შევხედავ მშვიდად, როდესაც ჩემი ქვეყნის მიწაზე სამასი მეტრით გადმომიწევენ დროებით საზღვარს, გამიკეთებენ მავთულხლართებს და სოფელს გამიყოფენ. ეს არის უუნარობა, რომელსაც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ხშირ შემთხვევაში ამჟღავნებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი