ბრეგაძე: სათათბიროს გადაწყვეტილებით, “ქართული მარში” საქმიანობას გააგრძელებს

ე.წ. ქართული მარში დაშლას არ აპირებს და საქმიანობის გაგრძელებას უფრო რადიკალური ქმედებებით გეგმავს. ამის შესახებ მოძრაობის წევრების მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, მოძრაობის სათათბიროს გადაწყვეტილებით, ე.წ. ქართული მარში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას ანტიქართული, ანტიხალხური და ანტიმართმადიდებულური ძალების წინააღმდეგ:

“იყო საუბარი ქართული მარშის რეორგანიზაციაზე. რეორგანიზაციის პროცესი იქნება. შეიქმნება გარკვეული საბჭო და გაძლიერდება ჩვენი ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ბევრად უფრო რადიკალური იქნება, ძირითად ფრთაზე. ჩვენ ასევე დავიწყებთ მრავალათასიანი ყრილობის მომზადებას, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ქართული მარშის სტრატეგიას და ტაქტიკას.”

მოძრაობის საქმიანობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ თავად სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. ბრეგაძე ამბობდა, რომ “მარშის” არსებობის გაგრძელების საკითხი სხდომაზე გადაწყდებოდა. მისი განცხადებით, ფეისბუკის პირად გვერდზე მართლაც დაწერა სტატუსი, რომელშიც “მარშის” შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით საუბრობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ქართული საზოგადოება მას არ იმსახურებს.

ე.წ. ქართულმა მარშმა ბოლო აქცია 13 ნოემბერ, ქუთაისში გამართა. მოძრაობის წევრები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ტორპედოს სტადიონზე შეიჭრნენ, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. ისინი შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ არნემის “ვიტესის” კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ სამკლაურით გაუძღვა, რის შემდეგაც თანასწორობის იდეას დაუჭირა მხარი.

საქართველო-ბელორუსის მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, თუ როგორ აგინებს ე.წ. ქართული მარშის ერთ-ერთ ლიდერი ქუთაისელების ნაწილს. მოძრაობის წევრები ბოლო პერიოდში ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დემონსტრაციებს მართავს. სოციალულ ქსელში ისინი შეურაცხმყოფელი განცხადებებითა და კომენტარებით გამოირჩევიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.