ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზის” დირექტორად თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი დაინიშნა

22 ნოემბერი, 2017 • 2303
“საქართველოს რკინიგზის” დირექტორად თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი დაინიშნა

სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი დავით ფერაძე დაინიშნა.

“საქართველოს რკინიგზის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა  უკვე დაამტკიცა.

“დავით ფერაძე დღემდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას. იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში,”- ნათქვამია რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე.


თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს. ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის  15 პროცენტია, ხოლო დანარჩენი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა არ ხმაურდება.

დავით ფერაძე  რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შეცვლის, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი