ახალი ამბები

დუისის რწმუნებული: თბილისში სპეცოპერაციის საქმეზე ბინის მესაკუთრის ნათესავია დაკავებული

22 ნოემბერი, 2017 • 5453
დუისის რწმუნებული: თბილისში სპეცოპერაციის საქმეზე ბინის მესაკუთრის ნათესავია დაკავებული

სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, თბილისში, ისანში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებულია რიზვან გორნაკაშვილი.

რიზვან გორნაკაშვილი, მარგოშვილის ინფორმაციით, ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს (დის ქმარს), ასლანბეგ ჯაბრაილოვს და უთხრა, რომ თბილისში, მისი საცხოვრებელი ბინის ქირაობა სურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თვეში 300 აშშ დოლარს გადაიხდიდნენ.

“ეს ინფორმაცია ასლანბეგმა თვითონ მიაწოდა პოლიციას დღეს დილით, იგი 11:00 საათზე გამოცხადა დუისის პოლიციაში და უთხრა ეს ყველაფერი. ცოლისძმა ყოფილა, ომალოელი, მე მას არ ვიცნობ, მღებავად მუშაობს თბილისშიო, მას დაურეკავს ასლანბეგისთვის, ქირას გადაიხდიანო 300 დოლარსო და შემოვუშვაო ბინაშიო? და ამისგანაც თანხმობა ყოფილა,” – განუცხადა მარგოშვილმა ნეტგაზეთს.

“რიზვან გორნაკაშვილი არის სოფელ ომალოდან. ვიცნობდი, როგორც სოფლის მაცხოვრებელს. არ ვიცი, სად ცხოვრობდა ბოლოს. ძირითადად ომალოში ცხოვრობენ. როგორც ვიცი, მუშაობენ ბინების შეღებვაზე თუ რაღაც მსგავსზე თბილისში. მთლიანად ხეობაში თუ არის მასეთი წესიერი ადამიანი, არ ვიცი. ცუდად ვერ დავახასიათებ, რადგან არც სხვისგან გამიგია მასზე რაიმე ცუდი და ვერც მე ვიტყვი. ოჯახი სად არის, არ ვიცი. როგორც ვიცი, დედამისი ყველს ყიდის თელავის ბაზარში. სხვა არაფერი”, – განუცხადა ნეტგაზეთს მაკა ალხანაშვილმა, ომალოს მაჟორიტარმა.

თბილისში, გაბრიელ სალოსის VI შესახვევის #9 კორპუსში საცხოვრებელ ფართს, საჯარო რეესტრის მიხედვით, მერი ხანგოშვილი ფლობს. მის სახელზეა ასევე საცხოვრებელი ფართი, იქვე მეზობლად კორპუსში – ბოგდან ხმელნიცკის #48-ში (ხმელნიცკის ქუჩა ამჟამად არის გაბრიელ სალოსის ქუჩა).

“მერი ჩემი ალალი მამიდაშვილია, ის იქვე მეზობლად ცხოვრობდა თბილისში და, როგორც ჩანს, საზღვარგარეთ წასვლის წინ თინა გაურგაშვილმა გადაუფრომა ეს ბინა, ჩვებ ვენათესავებით ერთმანეთს,” – უთხრა თამარ მარგოშვილმა ნეტგაზეთს.

თინა გაურგაშვილი ასლანბეგის დედაა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს, დაახლოებთ 20:00 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც დღეს, 22 ნოემბერს, მთელი დღის მანძილზე გრძელდება და ამ დრომდე (16:25 სთ) არ დასრულებულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი, ასევე, მძიმედაა დაჭრილი ერთი სპეცრაზმელი. სუს-ის ცნობით, სპეცოპერაცია 2 ქვეყანაში მიმდინარეობს, თუმცა სუს-ს არ დაუკონკრეტებია, რომელია ის მეორე ქვეყანა. სუს-ის ცნობით, იმ პირებს, რომელთა დაკავებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, სავარუდოდ, კავშირი აქვთ ტერორისტულ დაჯგუფებასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი