ახალი ამბები

მამა ბიძინა: 17 მაისს ბავშვთა უფლებები დაირღვა

9 ივლისი, 2013 • • 1413
მამა ბიძინა: 17 მაისს  ბავშვთა უფლებები დაირღვა

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტზე იმსჯელეს.

 

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ყველა მხარის პოზიცია აისახება კომიტეტის დასკვნაში:

 

“გამოითქვა ყველა ის მოსაზრება, რომელიც თეორიულად შეიძლებოდა გამოთქმულიყო. ჩვენ შევეხეთ არა მარტო იმ არსებით საკითხებს, რომლებიც კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში შეიძლებოდა განხილულიყო და ასახულიყო დასკვნებში, არამედ შევეხეთ მორალისა და რელიგიის რაღაც ნაწილსაც იმიტომ, რომ ძალიან უხერხული იქნებოდა ჩვენი მხრიდან დისკუსია შეგვეზღუდა. მე მგონია, რომ ჩვენ  შევძლებთ, რომ მომავალი სხდომისთვის დასკვნაში ავსახოთ ყველა ის პოზიცია და აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ქვეყანაში ძალადობა ყველანაირი ფორმით იყოს დაგმობილი.” 

 

მამა ბიძინა
მამა ბიძინა

თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღოლი მამა ბიძინა, რომელიც დღვანდელ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ 17 მაისს ბავშვთა უფლებები დაირღვა:

 

“ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ 17 მაისის მოვლენები  შემდგომში რომ არ განმეროდეს და რაღაც გარკვეული პრევენციის ზომები მივიღოთ, ამას უნდა მიეცეს აუცილებლად სამართლებრივი შეფასება და რელიგიური კუთხითაც უნდა შეფასდეს, რადგან ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარია. განვითარებული მოვლენები ლგბტ საზოგადოების მიერ გარკვეულწილად შეიცავდა კანონდარღვევებს, თუნდაც უხამსობის თვალსაზრისით, თუნდაც ბავშვებთან მიმართებაში. ეს ჩატარდა პირველი სკოლის წინ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, ასევე უხერხული იყო ამის ჩატარება ქაშუეთის წინ. საერთოდ სასულიერო დაწესებულებების წინ, ეს იქნება მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, თუ ეს იქნება მეჩეთი, იქ არ უნდა მოხდეს ასეთი რამ. ალბათ ამას გაითვალისწინებენ. ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ კომისია მიიღებს ისეთ დასკვნებს, რასაც გაითვალისწინებს საზოგადოების ნაწილი და თავიდან ავიცილებთ ძალადობას.”

 

შეხვედრას პოზიტიურად აფასებს “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის დასკვნაში სიმართლე უნდა ჩაწეროს:

 

“დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ იმ კუთხით, რომ არა მხოლოდ “იდენტობა”, არამედ სხვა არასამთავრობოებიდან მთელი სპექტრი იყო წარმოდგენილი. კარგად იცნობენ საკითხს და მსჯელობა გაიმართა საზოგადოების სხვა ნაწილთან ერთად. კომიტეტი რას გაიზიარებს აქედან, ეს მის დასკვნაში აისახება და მე ძალიან მინდა, რომ რეალურად იყოს ასახული, რომ სახელმწიფომ ვალდებულებები ვერ შეასრულა. არა იმიტომ, რომ ჩვენი თვითმიზანია ვინმე დაისაჯოს, არამედ იმიტომ, რომ შემდგომში დანაშაულის ჩადენის პრევენცია და დემოკრატიის განვითარების კუთხით სწორ გზაზე ვიდგეთ.” 

 

რაც შეეხება დღევანდელი დისკუსიის მორალის სფეროში გადასვლას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ესეც ნორმალურია:

 

“უფრო კარგი იქნებოდა ფორმატი, სადაც კომიტეტის ყველა წევრი მიიღებდა მონაწილეობას დისკუსიაში. ზოგადად, ასეთ საკითხებზე მსჯელობა ასეთ მშვიდობიან და რაციონალურ გარემოში მნიშვნელოვანია. პრობლემა ალბათ იყო ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიდან ყველას სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდა, ამან გამოიწვია ის, რომ ხშირად მსჯელობა მორალის საკითხზე იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც ნორმალურია. მთავარია, რომ ის კონსესუსი, რომელიც წინა შეხვედრაზე კომიტეტთან მივაღწიეთ, რა მოსაზრებებიც ჩვენ კომიტეტში გავაგზავნეთ, რომელიც აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, იქნეს გათვალისწინებული და კომიტეტის შეფასება საერთაშორისო სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში მოყვანილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი