ახალი ამბები

თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

22 ნოემბერი, 2017 • 2369
თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ეპიცენტრში პოლიციის რაოდენობა მატულობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე ჯავშანტექნიკაც გამოჩნდა. ახლომდებარე კორპუსებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, ღამის განმავლობაში კი გათიშული იყო ელექტროენერგიაც. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავები ორი პირის დაკავებას ცდილობენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ინფორმაცია დაუდასტურებელია.

ეპიცენტრიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, იქვე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში კი სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. როგორც “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოსწავლეთა მშობლები სპეცოპერაციის დაწყებისას გააფრთხილეს, რომ სკოლაში არ გამოცხადებულიყვნენ.

ასევე, ევაკუირებულია ახლომდებარე #16, #86 და #109 საბავშვო ბაღები, საიდანაც აღსაზრდელები და თანამშრომლები ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ დაუდასტურა. #16 ბაგაბაღის აღსაზრდელის მშობელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ დაუკავშირდნენ საბავშვო ბაღიდან და უთხრეს, რომ წაეყვანათ ბავშვი ბაღიდან.

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი