ახალი ამბები

სუს: გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას სპეციალურ დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს

22 ნოემბერი, 2017 • 3204
სუს: გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას სპეციალურ დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. უწყების ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც სპეციალური დანაყოფები ცდილობდნენ, ცეცხლიც გახსნეს, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ როგორც კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები, ისე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ტერიტორია, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მოიცავდა, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, მოსახლეობას კი, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე არ უშვებდნენ. ტელეარხის ცნობით, ქუჩაზე გარკვეული დროით გარე განათებაც გაითიშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი