ახალი ამბები

პროკურატურა: პაატა პავლიაშვილი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

21 ნოემბერი, 2017 • 2002
პროკურატურა: პაატა პავლიაშვილი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

25 ნოემბერს თბილისში პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დაღუპვის მიზეზთან დაკავშირებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა. დასკვნის თანახმად,  პავლიაშვილი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.  საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილის სხეულში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი აღმოჩენილი არ არის. ცხედარს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

“დასკვნის  თანახმად, პირის გარდაცვალების მიზეზი გახდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე, გარდაცვლილის სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ არის აღმოჩენილი, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული სამედიცინო მანიპულაციის. ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ არის აღმოჩენილი. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ადვოკატთან. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სისხის სამართლის საქმის მასალებსა და ექსპერტიზის შედეგებს”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” პროკურატურის პრესსამსახურში.

ამჟამად ტარდება კიდევ ერთი, კომპიუტერული ექსპერტიზა, რომელიც დასრულებული არ არის. პარალელურად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათი დასრულების შემდეგ პროკურატურა გააკეთებს დეტალურ განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით.

პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ დასკვნამ საბოლოოდ გამორიცხა ვერსია, თითქოს პავლიაშვილი დაკავების პროცესში ნარკოტიკის ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებზე საუბარი ნაადრევია, სანამ პროკურატურა კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგებს არ გამოაქვეყნებს, რომელიც მომხდარის ამსახველ კადრებს შეეხება.

“ექსპერტიზით დადგინდა ის, რომ პაატა პავლიაშვილს ფიზიკური დაზიანებები, რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ექსპერტიზით დადასტურდა ის, რომ არც ნარკოტიკული საშუალება და არც ფსიქოტროპუილი ნივთიერების კვალი ორგანიზმში არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ერთ-ერთი მოწმის ვერსია, რომელიც თავდაპირველად გაავრცელა შსს-მ, არ დადასტურდა.
ჯერჯერობით ველოდებით გამოძიების დასრულებას. ველოდებით კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დაადგენს, არსებობდა თუ არა მომხდარის სრული კადრები, ხომ  არ არის ისინი დაჭრილი და ა.შ.”.

32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს.

მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. აღნიშნულის გამო, უწყება ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპიული ნივთიერება ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი