ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პრეზიდენტის განცხადება პოლიციაზე შეურაცხმყოფელია

9 ივლისი, 2013 • 860
ღარიბაშვილი: პრეზიდენტის განცხადება პოლიციაზე შეურაცხმყოფელია

“მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის პატონ პრეზიდენტს, და საზოგადოებას განვუმარტო,  რომ აგვისტოს ომის შემდეგ 5 დეპუტატი, და მათ შორის “ედინაია როსიას” წარმომადგენლები, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები. მე მაქვს ლოგიკური შეკითხვა, თუ დღეს, უფრო სწორად გუშინ, სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი პრობლემებს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ისმის კითხვა, რატომ არ უქმნიდა რუსეთის დუმის 5 დეპუტატი იგივე პრობლემას საქართველოს წინა ხელისუფლებას? 

 

პოლიციელებს ძალიან უცენზურო სიტყვებით, საშინლად დამამცირებლად მიმართავდნენ ეს ახალგაზრდები. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, ისინი აგინებდნენ  პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ჩვენი სიამაყის, ჩვენ პოლიციის შეურაცხყოფა. ჩვენ არ დავუშვებთ და არავის ვაპატიებთ უსამართლოდ პოლიციელის შეურაცხყოფას. მე კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ, რომ მოვისმინე პრეზიდენტის ეს განცხადება, ის იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი პოლიციისთვის,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 9 ივლისს მედიასთან საუბარში.

 

მიხეილ სააკაშვილი 7 ივლისს “დინამოს” სტადიონის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტა ახალგაზრდების ჯგუფმა, ხოლო პოლიციამ სამი მათგანი დააკავა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ, მისი თქმით, ერთია, როცა ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და მეორეა, როცა უშვებ საქართველოს მტერს:

 

“და მე მინდა ვთქვა, რომ ყველა დუმის წევრი, რომელმაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას, ყველა მათგანი საქართველოში წარმოადგენს დღესდღეობით, სანამ სიტუაცია არ შეცვლილა, უსაფრთხოების რისკს, ყველა მათგანი წარმოადგენს საქართველოსადმი მტრულ ფაქტორს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა, ქვეყნის სიყვარული, ამიტომ, პირველ რიგში, მე მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, ამ შემთხვევაში შსს-ს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე დაუსჯელად ჩამოსვლა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი