ახალი ამბებიხელოვნება

უნგრეთი თბილისის კინოფესტივალის ფოკუსში

21 ნოემბერი, 2017 • 2909
უნგრეთი თბილისის კინოფესტივალის ფოკუსში

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა უნგრეთია. ამის შესახებ თბილისის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

თბილისის მე-18 კინოფესტივალი 4 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ამ პერიოდში სექციაში “ქვეყანა ფოკუსში”  მაყურებელს ბოლო წლებში გადადღებული 14 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი უნგრული ფილმების ნახვა შეეძლება. სექცია უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და ნაციონალური კინოფონდის, ასევე, საქართველოში უნგრეთის საელჩოს თანადგომით შეიქმნა.

კინოფესტივალი 4 დეკემბერს უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენიედის ფილმით “სულისა და სხეულის შესახებ” გაიხსნება. ფილმის სიუჟეტი ბუდაპეშტის ხორცკომბინანტში ვითარდება. კომბინატის ორი თანამშრომელი, რომლებსაც  ერთი შეხედვით ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, აღმოაჩენს, რომ იდენტურ სიზმრებს ხედავენ, სადაც ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან და “ერთმანეთს ნაზად ეტრფიან”.

“ფილმი “სულისა და სხეულის შესახებ” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს –  “ოქროს დათვის” მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში. ამას გარდა, “სულისა და სხეულის შესახებ” ევროპული კინოაკადემიის ჯოლდოსა და “ოსკარზეა” წარდგენილი”- ნათქვამია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებგვერდზე.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა და წელს უკვე მეთვრამეტედ ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 2017 წლის კინოფესტივალს ცნობილი უნგრელი რეჟისორები, ოპერატორები, სცენარისტები და კინომცოდნეები დაესწრებიან.

ამას გარდა, ფესტივალს ეწვევა ცნობილი უნგრელი რეჟისორი კორნელ მუნდრუცო, რომლის ფილმი „იუპიტერის მთვარე” (მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძეც დაესწრება ფესტივალს) წელს კანის საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას.” – აღნიშნულია კინოფესტივალის საიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი